ახალი ამბები

საქართველო პროვოკაციის მოლოდინში

ძალოვანი სტრუქტურები დაფინანსების გაზრდას ითხოვენ

საქართველოს თავდაცვისა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ხელმძღვანელები ირწმუნებიან, რომ აფხაზეთში სიტუაციის შემდგომი გაუარესებაა მოსალოდნელი და დაფინანსების გაზრდას ითხოვენ.

18 აპრილის საკომიტეტო მოსმენებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კოდორში არსებული სიტუაცია და თავდაცვითი სტრუქტურების ფინანსური პრობლემები განიხილა.

სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ კრიზისის შემთხვევაში დღეისთვის არსებული ფონდები არ იქნება საკმარისი ქართული შენაერთებისა და შეიარაღების კოდორში ხელმეორედ განსათავსებლად.

თავდაცვის და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებმა, ისევე როგორც დაზვერვისა და საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტებმა, 2002 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულზე ნაკლები თანხები მიიღეს. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება ბოლო სამი თვის მანძილზე უკვე 2 მილიონი ლარით ჩამორჩება ბიუჯეტით გათვალისწინებულ რაოდენობას.

თავდაცვისა და უშიშროების მინისტრები იზიარებენ აზრს, რომ მოსალოდნელია სიტუაციის გაუარესება. კომიტეტის სხდომაზე დავით თევზაძემ განაცხადა, რომ აფხაზური მხარე ახდენს შეიარაღებული ძალებისა და სამხედრო აღჭურვილობის მობილიზებას კოდორის მიმდებარე ზონაში. კოდორიდან არჩეული პარლამენტარი ივერი ჭელიძე ამ ინფორმაციას ადასტურებს.

საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე აღნიშნავს, რომ აფხაზეთში შეინიშნება რუსული შენაერთების (დსთ-ს სამშვიდობო ძალების) აქტიური გადაადგილება.

როგორც სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია აღნიშნავს, აფხაზებმა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებიდან ბოევიკების დაქირავება დაიწყეს, რომლებმაც, თავის დროზე, გადამწყვეტი როლი ითამაშეს აფხაზეთის ომში.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ რუსეთი პროვოკაციას ამზადებს საქართველოს წინააღმდეგ, რათა ქვეყნის სტაბილურობა შეარყიოს და ხელი შეუშალოს საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსვლას.

თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ პირველი გაფრთხილება რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ 2002 წლის 26 მარტს გააკეთა. ამ გაფრთხილებას სულ მალე მოყვა რუსი სამშვიდობოების გადმოსხდომა კოდორში 12 აპრილს.

თავდაცვის სტრუქტურების ხელმძღვანელები, ისევე როგორც პარლამენტის წევრები, დარწმუნებულნი არიან, რომ რუსული მხარის მიზანი იყო საქართველოს ჩათრევა შეიარაღებულ კონფლიქტში. რუსი ჯარისკაცების გაყვანა კოდორიდან მხოლოდ საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პირადი მოლაპარაკებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან კრიტიკის შემდეგ მოხეხრდა. 

`ბოლო კრიზისი ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს დამშვიდების უფლება, რადგან მოსალოდნელია უფრო სერიოზული პროვოკაცია. სიტუაცია ძალზედ შემაშფოთებელია~ – ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ბარამიძე.

რუსული მხარე უარყოფს ამ ბრალდებებს და პირიქით, საქართველოს აკისრებს პასუხიმსგებლობას კოდორში ვითარების დაძაბვის გამო, რადგან არ დასრულებულა ქართული შენაერთების გაყვანა ხეობიდან, რაც 2002 წლის 2 აპრილის ოქმით იყო გათვალისწინებული.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურის ანატოლი კვაშნინის სიტყვებზე დაყრდნობით, რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა 18 აპრილს გაავრცელეს განცხადება, რომ საქართველო ძაბავს სიტუაციას კოდორში, რადგან `ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალის გამოყენებით სურს~.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მოუწოდებს პარლამენტს, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა პროვოკაციებისა და ფართომასშტაბიან შეიარაღებულ კონფლიქტში საქართველოს ჩათრევის თავიდან ასაცილებლად.

კომიტეტი ასევე მოუწოდებს პარლამენტს, მიიღოს სპეციალური გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების სტრუქტურების დაფინანსების გასაზრდელად. როგორც თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ აღნიშნა კომიტეტის სხდომაზე, დღევანდელი დაფინანსების პირობებში თავდაცვის სამინისტრო ვერ შეძლებს საკადრისი პასუხი გასცეს მოსალოდნელ საფრთხეს.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button