ახალი ამბები

გაერო საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობით უკმაყოფილოა

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ერთი წლის ვადა მისცა ქართულ სამართალდამცავ სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემის გადასაჭრელად. კომიტეტი მიიჩნევს, რომ არის პრინციპული, სასწრაფოდ გადასაჭრელი საკითხები, რომლებიც ვერ დაიცდიან 4 წლის შემდეგისთვის დაგეგმილ განხილვამდე.

საქართველოს ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები და “ჰუმენ რაითს უოჩ”-ის წარმომადგენლობა თბილისში მიესალმნენ ამ რეკომენდაციებს, რომლებიც კომიტეტმა საქართველოს მხარეს 9 აპრილს გადასცა და აღნიშნეს, რომ რეკომენდაციები საკმაოდ მკაცრი და კონკრეტულია.

“კომიტეტმა ქართულ მხარეს მისცა საკმაოდ მკაფიო ინსტრუქციები იმის თაობაზე, რა უნდა გაკეთდეს, რათა შესრულდეს სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებები ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში” – აღნიშნა “ჰუმენ რაითს უოჩ”-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების აღმასრულებელმა დირექტორმა ელიზაბეტ ანდერსენმა.

სხვა საკითხთან ერთად, კომიტეტი საქართველოს მთავრობას იმ ზომებზეც მიუთითებს, რომლებმაც უნდა გადაჭრან რელიგიური ძალადობის პრობლემა და უზრუნველყონ ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი უმცირესობების უფლებები. გარდა ამისა, ამ რეკომენდაციებით, შემოღებული უნდა იქნას სამხედრო სამსახურის ალტერნატიული, სამოქალაქო სისტემა.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციები, ძირითადად, ეხება წინასწარი დაკავების საკნებსა და ციხეებში არსებულ აუტანელ პირობებს.

კომიტეტი 12 თვის ვადაში ითხოვს პასუხს 3 კონკრეტულ საკითხზე: მაღალი სიკვდილიანობა დაკავებულებს შორის პოლიციის განყოფილებებსა და ციხეებში; სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მიერ პატიმრების წამების, მათ მიმართ არაადამიანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფართოდ გავრცელებული შემთხვევები; წინასწარი დაკავების 72-საათიანი ვადების დარღვევის ხშირი ფაქტები.

კომიტეტი რჩევას აძლევს ქართულ მხარეს, უზრუნველყოს პასუხისმგებლობა წამების ნებისმიერ ფაქტთან დაკავშირებით. დღეისათვის არსებული საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სამართალდამცავი სტრუქტურების პასუხისმგებლობას დაკავებული პირის წამების ან მის მიმართ უკანონო მოპყრობის გამო.

“ხელისუფლებამ ასევე უნდა შეიმუშაოს პატიმართა მიმართ მოპყრობის მონიტორინგის ეფექტური სისტემა” – ნათქვამია რეკომენდაციებში. ეს კონკრეტული რეკომენდაცია ახალი არ არის. ის შედიოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ადრე გაკეთებულ განცხადებებშიც. როგორც ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის” ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში ცდილობდნენ მიეღწიათ წინასწარი დაკავების საკნებში მონიტორინგისათვის, მაგრამ მათი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდა.

მესამე საკითხი, რომლის სწრაფი გამოსწორებაც კომიტეტს სურს საქართველოში, არის წინასწარი დაკავების საკნებში პატიმრების უფლებების დაცვა. რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დაკავებული პირისთვის მის მიმართ წაყენებული ბრალდების სწრაფი შეტყობინება და პატიმრებს სასამართლოსადმი მიმართვის საშუალება უნდა ჰქონდეთ გამოძიების მიმდინარეობისას მათდამი არასწორი მოპყრობის შემთხვევაში. 

“ჰუმენ რაითს უოჩი” უკვე 4 წელია ამ საკითხებზე მუშაობს საქართველოში. ორგანიზაციამ რამდენიმე წერილით მიმართა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს დაკავებულ პირთა წამების ფაქტების გამო. მიუხედავად ამისა, პოლიციისა და სხვა სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ პატიმართა წამება საქართველოში კვლავ ყოველდღიურ რეალობად რჩება, – ამბობს “ჰუმენ რაითს უოჩ”-ის წარმომადგენელი საქართველოში ალექს ანდერსონი და დასძენს, რომ ეს “მხოლოდ აისბერგის მწვერვალია”, ხოლო ამგვარმა ფაქტებმა, შესაძლოა, ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლებამდეც მიგვიყვანოს.

“საბოლოო ჯამში, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სერიოზულფდ დააყენა ეჭვქვეშ მთლიანად ქართული სამართალდამცავი სისტემის ვარგისიანობა”, – ამბობს ალექს ანდერსენი და დასძენს, რომ ხელისუფლებამ უნდა განახორციელოს როგორც კანონმდებლობის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისა და პროკურატურის რეფორმა. “სხვაგვარად, კომიტეტის რეკომენდაციები ვერასოდეს ვერ შესრულდება”, – აღნიშნავს ანდერსენი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ რეფორმების შესახებ ბევრი რამ ითქვა, “ჰუმენ რაითს უოჩ”-იც და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებიც ამბობენ, რომ საქართველომ ვერ შეძლო არათუ წინ წასვლა, არამედ მიღწეულ დონეზე გაჩერებაც კი და ფაქტიურად, ამ სფეროში უკუსვლა მოხდა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყურადღების ქვეშმ მოექცა, პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოიწვია მთავრობის საგანგებო სხდომა, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხებს მიეძღვნა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ნაკლებად სჯერათ, რომ ეს სხდომა რაიმე კონკრეტული შედეგებს გამოიღებს და მხოლოდ იმაზეა გამიზნული, რომ საერთაშორისო საზოგადოებას აჩვენონ, თითქოს საქართველოს ხელისუფლება ადამიანის უფლებათა დაცვაზე ზრუნავს.

ამიერიდან საქართველოს აღარ შეეძლება ითამაშოს “დამალობანა” და მხოლოდ სიტუაციის გამოსწორების დაპირებებით შემოიფარგლოს მოქმედებებში. ლაპარაკი უნდა დაიწყოს კონკრეტულ ქმედებებზე და მიღებულ უნდა იქნას კონკრეტული ზომები ზუსტად ერთი წლის განმავლობაში.

სალომე ჯაში, სივილ ჯორჯია

რელიგიურ უფლებებთან დაკავშირებით იხილეთ:
ბასილი უძლეველი – რელიგიური ექსტრემიზმის სიმბოლო

მსგავსი/Related

Back to top button