ახალი ამბები

სომხეთის საგარეო პოლიტიკა იცვლება

კავკასიაში ამერიკის გავლენის ზრდის პარალელურად სომხეთი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების კორექტირებას ახდენს. საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცება ამ პროცესის ერთ-ერთი გამოხატულებაა. 

4 აპრილს სააგენტო “მედიამაქსთან” საუბრისას  სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომის დაწყების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში “გაურკვევლობა წარმოიქმნა”. აშშ-ის ადმინისტრაციის განზრახვამ საქართველოსათვის სამხედრო დახმარების გაზრდის თაობაზე სომხეთის პოლიტიკურ წრეებში თავდაპირველად შეშფოთება გამოიწვია.

როგორც ჩანს, სომხეთმა რეგიონში მიმდინარე პროცესების საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივით შეფასება დაიწყო. სომხეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უკანასკნელ პერიოდში გაკეთებული განცხადებები ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრაგმატულობაზე მეტყველებს.

ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივი იყო ოსკანიანის განცხადება, რომ თურქეთის ფაქტორი დღითიდღე იზრდება კავკასიაში: “ჩვენ ვეცდებით თურქეთთან დიალოგის გააქტიურებას, სომხეთმა უნდა შეინარჩუნოს თურქეთთან დიალოგისათვის ღია არხები”.

“საქართველოს სტრატეგიისა და საერთასორისო ურთიერთობების ფონდის” უფროსი მკვლევარის არჩილ გეგეშიძის თქმით, “სომხეთი სწორად აფასებს ამ საერთო განტოლებაში თურქეთის როლს და, როგორც ჩანს, გარდაუვლად ეჩვენება თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზება”.

თუმცა, სომხეთს მოუწევს უნდობლობისა და მტრული განწყობის დაძლევა, რაც ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდის საკითხთან არის ასოცირებული, ასევე ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული პრობლემების გადალახვა, სადაც თურქეთის დიპლომატია თავის უმთავრეს მოკავშირეს – აზერბაიჯანს უჭერს მხარს. თუმცა, ბატონი გეგეგშიძის თქმით, ამ პრობლემების მიუხედავად, სომხეთის შეცვლილი ტონი ერევნის გრძელვადიან გათვლებზე მიუთითებს.

სომხეთის მხრიდან გონივრული პოლიტიკის წარმართვა რეგიონში წარმოდგენილ ინტერესებს შორის ძალზე რთული ბალანსის დაცვას გულისხმობს. “სომხეთი შეეცდება ეს ბალანსი არ დაარღვიოს. შესაბამისად, რუსეთთან თავისი ურთიერთობების გაუარესების ტემპი არ უნდა აღემატებოდეს დასავლეთის ინტერესებისა და გავლენის მომძლავრების ტემპს რეგიონში”, – აღნიშნავს არჩილ გეგეშიძე.

საგარეო-პოლიტიკური წინდახედულების გარდა, სომხეთის პრეზიდენტს რობერტ კოჩარიანს შიდა პოლიტიკაშიც სიფრთხილე მართებს, რათა წინა პრეზიდენტის – ტერ-პეტროსიანის დროინდელი შეცდომები არ გაიმეოროს. სომხეთის წინა პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი რუსეთთან  ტრადიციული კავშირიდან განდგომისა და დასავლეთისა და თურქეთის მიმართ გაწონასწორებული მიდგომის გამო აიძულეს თანამდებობიდან გადამდგარიყო.

“საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის” პრეზიდენტის ალექსანდრე რონდელის აზრით, უახლოეს მომავალში სომხეთის საგარეო პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდეთ. “რუსეთს ძალიან ბევრი “თამასუქი” აქვს  გაცემული სომხეთისთვის”, რომ ერევნის საგარეო პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებები დაუშვას, – დასძენს ალექსანდრე რონდელი.

სსსუფ-ის ექსპერტების აზრით, რუსეთთან სომხეთის ურთიერთობების ხასიათი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე და ამ ორ ქვეყანას სორის ძირითად საკითხებზე, მათ შორის კავკასიაზე, შეთანხმების მიღწევაზე.

შექმნილ ვითარებაში სომხეთისთვის საქართველოსთან მჭიდრო ურთიერთობა ყველაზე ნაკლებად გამოიწვევს აზრთა სხვადასხვაობას. ერევანი მოსალოდნელი იზოლაციისაგან თავის დაღწევას საქართველოს მეშვეობით ცდილობს. სომხეთისათვის საქართველო სასიცოცხლო პოლიტიკური და ეკონომიკური არტერიის ფუნქციას შეასრულებს, რომლის მეშვეობითაც სომხეთი ახალ გამოწვევებთან გამკლავებასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას შეეცდება.

თურქეთისა და აზერბაიჯანის ფაქტორის გათვალისწინებით, სომხეთისთვის საქართველო აშშ-ის ყველაზე უფრო ნეიტრალურ მოკავშირედ რჩება რეგიონში; ამდენად, სომეხი პოლიტიკოსები დასავლეთის მიმართ თავიანთი ერთგულების დამტკიცებას საქართველოსთან ურთიერთობების განმტკიცებით ცდილობენ.

4 აპრილს გაიმართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სპეციალური, დახურული მოსმენა, სადაც საქართველოსთან ურთიერთობები, ამერიკის ახალი როლი კავკასიაში და სომხეთისთვის მნიშვნელოვანი რეგიონული საკითხები განიხილეს. მთავარ მომხსენებლებად მიწვეულნი იყვნენ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვარდან ოსკანიანი და თავდაცვის მინისტრი სერჟ სარქისიანი.

მოსმენის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოსკანიანმა განაცხადა, რომ სომხეთი საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას დიდ ყურადღებას დაუთმობს, რადგან ამ ქვეყნის სტაბილურობას სომხეთისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს: “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა საქართველოში სტაბილურობა უზრუნველვყოთ”.

ამგვარ დამოკიდებულებას გეოპოლიტიკური გათველების გარდა სხვა მოსაზრებებიც უდევს საფუძვლად. სომხეთისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს საქართველოს სატრანზიტო გზას, რომლითაც სომხეთი გარესამყაროს უკავშირდება (სომხეთს თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ბლოკადის გამო სახმელეთო და საზღვაო ურთიერთობების დამყარება მსოფლიოსთან მხოლოდ საქართველოსა და ირანის მეშვეობით შეუძლია).

საქართველო, თავის მხრივ, მოწონებით ხვდება სომხეთის ახალ პოლიტიკას. აპრილის დასაწყისში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ჯონი ფირცხალაიშვილის ვიზიტი სომხეთში ერევანთან მომავალი სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივების გარკვევას ისახავდა მიზნად.

ფირცხალაიშვილთან შეხვედრისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრანიკ მარკარიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ “საქართველოს სახით სტაბილური, ძლიერი და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს ხილვა სურთ”.

საქართველო სომხეთთან ურთიერთობების განვითარებით უაღრესად არის დაინტერესებული. საქართველოს ერთ-ერთი კუთხე, სამცხე-ჯავახეთი, რომელიც, ძირითადად, ეთნიკური სომხებით არის დასახლებული, ქართულ პოლიტიკაში ხშირად მღელვარების საბაბი ხდება. არსებობს გარკვეული შიში, რომ ეთნიკურმა სომხებმა, შესაძლოა, რეგიონისათვის ფართო ავტონომია მოითხოვონ, ჯავახეთში არსებულმა რუსულმა სამხედრო ბაზამ კი საქართველოს კიდევ ერთ რეგიონში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია.

ჯავახეთში მცხოვრებ მოსახლეობაში დროდადრო ვრცელდება ხმები, რომ საქართველო თურქეთისთვის სამხედრო ბაზების დათმობას აპირებს, რაც ეთნიკურ სომხებში პანიკას თესავს. მდგომარეობას ართულებს რეგიონში არსებული რუსული სამხედრო ბაზის პრობლემაც, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არის დასაქმებული. ამ ფაქტორს კი რუსეთი ყოველთვის ოსტატურად იყენებს თბილისსა და ერევანზე ზეწოლის მოსახდენად. 

საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მცდელობად უნდა მივიჩნიოთ ერევნიდან და თბილისიდან ჯავახეთში  ბოლო დროს გახშირებული ვიზიტებიც. სტუმრების განცხადებები, ფაქტობრივად, სომხებით დასახლებულ რეგიონში უკანასკნელ ხანებში მომძლავრებული სეპარატისტული მისწრაფებების გაქარწყლებას ისახავს მიზნად. “უმთავრესი პრობლემა არა ჯავახეთში, არამედ მის გარეთ არის საძიებელი”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტეფან მარკარიანმა ჯავახეთში ვიზიტისას.

თბილისში არსებობს გარკვეული შიში, რომ სომხეთი ჯავახეთის სომხური მოსახლეობის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენებას შეეცდება. თუმცა, სომხეთის არცერთ ხელისუფლებას ვითარების რეალისტურად შეფასების შემდეგ ამგვარი ნაბიჯი არ გადაუდგამს. “ამაზე სომხეთი არ წავიდა, ვერ წავიდა და არც წავა, მით უმეტეს ამ ახალი ვითარების ფონზე”, – შენიშნავს არჩილ გეგეშიძე.

ამჟამად, სომხეთის ხელისუფლების მიერ გაკეთებული მინიშნება საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ რეგიონში მიმდინარე პროცესების ლოგიკას სავსებით შეესაბამება. თუკი თებერვლის შემდეგ დაწყებული ტენდენციები არ შეიცვალა, მომავალში სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობებში მეტ დათბობას უნდა ველოდოთ.  

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button