ახალი ამბები

პარლამენტმა “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის რატიფიკაცია მოახდინა

პარლამენტმა საქართველოში ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების ჩამოსასვლელად იურიდიული ბაზა მოამზადა.

საკანონმდებლო ორგანომ 12 აპრილის სესიაზე ერთსულოვნად დაუჭირა მხარი “აშშ-საქართველოს შორის წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის განსახორციელებლად თანამშრომლობის თაობაზე ნოტების გაცვლის შეთანხმების” რატიფიკაციას.

“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიხედვით, აშშ საქართველოს 65 მილიონი დოლარის მოცულობის დახმარებას გაუცევს საკუთარი ოპერატიული შესაძლებლობების ჩამოსაყალიბებლად, რათა საქართველომ თვითონ გააკონტროლოს საკუთარი საზღვრები და საპასუხო ღონისძიებები განახორციელოს ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ.

ამ პროგრამის ფარგლებში წვრთნას 2000 ქართველი ჯარისკაცი გაივლის. ამასთან, აშშ გამოყოფს აუცილებელ აღჭურვილობასაც გარდა იარაღისა. პროგრამა განხორციელდება ორ ფაზად.

პირველი ფაზა მოიცავს კრიზისის მართვის ეროვნული ორგანოს, ოპერატიული შტაბის (სახმელეთო ჯარის) და ქვეითი ბატალიონის ჩამოყალიბებასა და წვრთნას. წვრთნის მიზანი იქნება კრიზისის შემთხვევაში სასაზღვრო ქვედანაყოფებსა და უსაფრთხოების ორგანოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.

მეორე ფაზის დროს წვრნას გაივლის კრწანისისა და ვაზიანის ბაზებში დისლოცირებული ორი ქვეითი ბატალიონი, კოჯორში განლაგებული სპეციალური დანიშნულების ბატალიონი და მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის ერთი ჯგუფი.

შემდგომი სამი წლის განმავლობაში წელიწადში ორჯერ ამერიკული მხარე დახმარების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველსაყოფად  ინსპექციას და აუდიტს ჩაატარებს.

შეთანხმების მიხედვით, ქართული მხარე იღებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს ეს გაწრვთნილი სამხედრო დანაყოფები თავისი საერთაშორისო ვალდებულებების წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ანტიტერორისტული დანაყოფები არ იქნება გამოყენებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში.

პროგრამაში მონაცილეობას მიიღებს 200-მდე ამერიკელი ინსტრუქტორი. პირველი 40-კაციანი ჯგუფის ჩამოსვლა აპრილის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

თავდაპირველად ეს ჯგუფი საქართველოში მარტში უნდა ჩამოსულიყო. ოფიციალური თბილისის წარმომადგენელთა თქმით, ვიზიტის გადადება ტექნიკურ და ბიუროკრატიულ პრობლემებთან იყო დაკავშირებული.

პრეზიდენტი შევარდნაძე კი დაგვიანებას ენობრივი ბარიერის არსებობით ხსნის. `ამერიკელმა სამხედრო ინსტრუქტორებმა საწყის დონეზე მაინც უნდა ისწავლონ ქართული~, – თქვა მან.

პენტაგონში 10 აპრილს გამართულ ბრიფინგზე აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა ჯონ როსამ განაცხადა, რომ მოსაგვარებელი დარჩა მხოლოდ ამერიკელი სამხედრო მრჩეველების საქართველოში ჩასვლის დეტალები.

“კონცეპცია უკვე დამტკიცებულია. მოსაწესრიგებელია მხოლოდ საბოლოო დეტალები და თარიღები. ჯერ-ჯერობით ეს საკითხი თავდაცვის მდივან დონალდ რამსფელდთან საბოლოოდ შეთანხმებული არ არის”, – განაცხადა გენერალმა როსამ.

გიორგი სეფაშვილი, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button