ახალი ამბები

უძლეველი ბასილი


რელიგიური ექსტრემიზმის სიმბოლო


საქართველოსათვის გაზრდილი სამხედრო და ფინანსური დახმარების პარალელურად აშშ-ის ყურადღება ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მიმართ გაორმაგდა. რელიგიური ექსტრემიზმის აღმოსაფხვრელად მთავრობა, სავარაუდოდ, მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.


4 აპრილს პრეზიდენტი საგანგებოდ გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ, რომელიც 2002 წლის 4 მარტს გამოქვეყნებულ მოხსენებაში არის ასახული.


იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღმსარებლობის თავისუფლება გარანტირებულა, დიდი ხის ჯვრებით შეიარაღებული ჯგუფის მიერ რელიგიური უმცირესობების დარბევა თანამედროვე ქართული ყოფის განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი მღვდელი ბასილ მკალავიშვილი – რელიგიური ექსტრემიზმის სიმბოლოდ. 


მამა ბასილმა (როგორც მისი მიმდევრები მას უწოდებენ) არატრადიციული რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ძალადობას მისიონერივით რიტუალის სახე მისცა. იმ დროს, როდესაც კაცები `სექტანტებს~ სცემენ და მათ სამლოცველოებს ანგრევენ, ლოცვითაA და საგალობლების მღერით შუა ხნის ქალები მათ კუთვნილ ლიტერატურას ძალით იტაცებენ და საჯაროდ წვავენ.


ბასილის მომხრეები რელიგიურ უმცირესობებს ბრალს დებენ ძირგამომთხრელ საქმიანობაში. მათი თქმით, ისინი (რელიგიური უმცირესობები) არსებული ეკონომიკური სიდუხჭირით სარგებლობენ და ფულადი და ჰუმანიტარული დახმარების დაპირებით ხალხს თავიანთ სარწმუნოებაზე ნათლავენ. ამგვარი განცხადებები ქართულ საზოგადოებაზე გავლენას ახდენს, რომელსაც ხშირად ავიწყდება, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით გადასახადებისაგან მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია არის გათავისუფლებული.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ასახულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში არსებული ნაკლოვანებებიც, რაც ექსტრემისტებს ხელს-ფეხს უხსნის. `არ არსებობს რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაციის შესახებ კანონი. რელიგიური ჯგუფები, რომლებიც ჰუმანიტარული საქმიანობით არიან დაკავებულები, შეიძლება დარეგისტრირდნენ საქველმოქმედო ორგანიზაციის სახით, თუმცა, რელიგიურ და სხვა სახის ორგანიზაციებს რეგისტრაციის გარეშეც შეუძლიათ ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელება. რეგისტრაციის არმქონე ორგანიზაციებს საოფისე ფართის დაქირავების ან ლიტერატურის საზღვარგარეთიდან შემოტანის უფლება არ აქვთ. არარეგისტრირებული ორგანიზაციის ცალკეულ წევრებს შეუძლიათ ამ სახის საქმიანობაში ჩაბმა, მაგრამ ამ შემთხვევაში მათი პირადი პასუხისმგებლობის საკითხი დგება~.


მას-მედიაში ხშირი გამოჩენა ბასილს უძლეველის იმიჯს სძენს. ბასილის მომხრეთა მიერ მოწყობილი თავდასხმებისას პოლიცია ყოველთვის ადგილზე იმყოფება და კანონდარღვევას მშვიდად ადევნებს თვალს ან შემთხვევის ადგილზე ძალზე გვიან მიდის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების თანახმად, `იყო უამრავი შემთხვევა, როდესაც პოლიციამ არამარტო ვერ დაიცვა უმცირესობები რელიგიური ექსტრემისტების თავდასხმისაგან, არამედ ხშირად მონაწილეობდა, ან ხელს უწყობდა ხსენებულ თავდასხმებს~.


საქართველოს სახალხო დამცველის მოხსენებაში მოყვანილია ზოგიერთი სამართალდამცავის საჯარო განცხადება, რომ მათი მოვალეობა არის `საზოგადოების სექტების მავნე ზეგავლენისაგან დაცვა~.


თუმცა, როგორც კი პრეზიდენტმა რელიგიური შეუწყნარებლობის აღკვეთა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა, პროკურატურა იმ დღესვე შეეცადა მამა ბასილის დაჭერას, მაგრამ სასამართლო წინასწარი დაკავების შესახებ დადგენილების გამოტანას მოერიდა. ბასილის რამდენიმე საათიანი დაკავებისას, მისი მომხრეები ქვეყანაში მასობრივი არეულობებით დაიმუქრნენ. როგორც ჩანს, ხელისუფლებაში ამ მუქარას დამაჯერებლად მიიჩნევენ.


მაშ, რა არის ბასილის უძლეველობის მთავარი წყარო?


ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ხელისუფლების, განსაკუთრებით პოლიციის, მიერ მამა ბასილის მხარდაჭერა საკუთარი კორუფციული იმიჯის გასაუმჯობესებლად არის გამიზნული. პოლიციასა და პოლიტიკოსების ერთ ნაწილს სურს, რომ იმედგაცრუებულ და ხელისუფლების მიმართ აგრესიულად განწყობილ საზოგადოებაში ქართული ტრადიციებისა და რწმენის ქომაგის სახელი მაინც დაიმკვიდროს.


ამრიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ `ზოგიერთი ნაციონალისტურად განწყობილი ლიდერი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უპირატესობის საკითხის საკუთარი პოლიტიკური პლატფორმისათვის გამოყენებას განაგრძობს~.


აღსანიშნავია, რომ ქართული ეკლესიაც, რომელიც მამა ბასილს ღვთისმსახურებას უკრძალავს, ფაქტობრივად, ანალოგიურ შეხედულებებს უჭერს მხარს და ბასილის მიმდევრებივით ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისათვის პრივილეგირებულ სტატუსს მოითხოვს.


მეორეც, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში რელიგიური ექსტრემისტების მოქმედებების მიმართ აშკარა სიმპათია შეიმჩნევა. პოპულარულია მოსაზრება, რომ სექტები ვიღაც `მტრული ძალების~ მიერ არის მოგზავნილი, რათა ქართული ეროვნული სახელმწიფო დაღუპოს.


`მამა ბასილი ქართველობას იცავს, არავის მივცემთ უფლებას ჩვენი სარწმუნოება წაგვართვას~, აღელვებული ამბობს უმუშევრად დარჩენილი მაკა და იგი მრავალი თანამოქალაქის შეხედულებას ასახავს. 


ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღება კონფლიქტებს მოაგვარებს და სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის ურთიერთობები ნორმალურ სახეს მიიღებს. თუმცა, ამ იდეის კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მომავალი ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების ფონზე პოლიტიკოსები მოსახლეობაში პოპულარობის გასაზრდელად გავლენიანი მართლმადიდებლური ეკლესიის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ. საკმაოდ მაღალია იმის შესაძლებლობა, რომ პარლამენტარები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას კანონით სპეციალურ სტატუსს მიანიჭებენ და არატრადიციული რელიგიის წარმომადგენლების საქმინობას შეზღუდავენ.


ასე რომ, უშუალოდ მამა ბასილის დაჭერა და დასჯა პრობლემას ვერ აღმოფხვრის. სწორედ საზოგადოების დიდი ნაწილის ჩუმი მხარდაჭერა განაპირობებს მკალავიშვილის ხელშეუხებლობასა და წარმატებას.


სანამ საქართველოს მოქალაქეების არ გააცნობიერებენ, რომ თითოეულ მათგანს თავისუფალი აღმსარებლობის უფლება გააჩნია და არავის აქვს უფლება პიროვნების პირად ცხოვრებაში ჩარევისა, მანამ `ბასილები~ თავისუფლები იქნებიან და საზოგადოებრივ აზრსაც წარმართავენ.   

რევაზ ბახტაძე, სივილ ჯორჯია

მსგავსი/Related

Back to top button