ახალი ამბები

რუსეთს კოდორში ჯარი შეყავს

12 აპრილს დეპუტატმა ივერი ჭელიძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს დილით კოდორის თავზე 4 სამხედრო და 4 სამოქალაქო ვერტმფრენი გამოჩნდა, რომელთაც ხეობაში რუსი სამხედრო პირები გადმოსხეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კოდორში 4 სამხედრო და რამდენიმე სამოქალაქო ვერტმფრენი შემოფრინდა და რამდენიმე ათეული ადამიანი გადმოსხა.

თავდაცვის სამინისტრო დაზუსტებით ვერ ამბობს, სამხედროები აფხაზები არიან თუ რუსები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, კოდორის ხეობაში სამხედროების  გადმოსხმის შესახებ ცნობის დადასტურების შემთხვევაში, ეს რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევა იქნება.

კოდორის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი იველი ჭელიძის ინფორმაციით, კოდორის თავზე ვერტმფრენები ახლაც დაფრინავენ, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა პანიკაშია.

“თუ რუსი სამხედროები კოდორს არ დატოვებენ, გამორიცხული არ არის, რომ იქ შეიარაღებული შეტაკება მოხდეს და სისხლიც დაიღვაროს”, განაცხადა ჭელიძემ.

11 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ქართულმა მხარემ შეასრულა 2 აპრილს ხელმოწერილი პროტოკოლი და კოდორის ხეობიდან რეგულარული ჯარები გამოიყვანა.  

ქართველი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ ადრე შეშფოთებას გამოთქვამდენენ იმის თაობაზე, რომ კოდორიდან თავდაცვის სამინისტროს ჯარების გაყვანის შემთხვევაში საქართველო სტრატეგიულ ხეობაზე კონტროლს დაკარგავდა.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button