
პარლამენტის ბიუროს სხდომის მიმოხილვა. 8 ოქტომბერი, 2001
8 ოქტომბერს პარლამენტის ბიურომ განიხილა 9-12 ოქტომბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგი. სხდომის დასაწყისში გაცხადდა, რომ დაიშალა საპარლამენტო უმრავლესობა. ის დატოვა ფრაქცია “მაჟორიტარმა”, რომელიც თავის რიგებში 21 წევრს აერთიანებს. ფრაქციას ხელმძღვანელობს პარლამენტარი ვლადიმერ ქარსელაძე, რომლიც ფრაქციაში ერთადერთი არამაჟორიტარი დეპუტატია. ბიუროს სხდომას არ დასწრებია აწ უკვე დაშლილი უმრავლესობის ლიდერი ნიკო ლეკიშვილი, რომელიც ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” წევრად დარჩა. ბიუროს სხდომაზე განიხილეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე როსტომ დოლიძისა და მიხეილ ოსაძის კანდიდატურები. პირველი მათგანი წარადგინა ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირმა”, მეორე კი – ფრაქცია “მაჟორიტარმა”. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე კანდიდატურების შესახებ იმსჯელებს. კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს როლანდ გილიგაშვილს ამჟამად იუსტიციის მინისტრის პოსტი უჭირავს. 9 ოქტომბერს პარლამენტი ასევე განიხილავს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან ერთად მომზადდა. დეპუტატები მიმდინარე კვირასვე განიხილავენ კანონპროექტს “ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არჩევნების გადავადების შესახებ”. კანონპროექტის მიღება აუცილებელი გახდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის წინაშე არჩევნების ერთი წლით გადადების წინადადებით წარდგა. ბიუროს სხდომაზე ითქვა, რომ პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ წერილობით მიმართა პარლამენტს, რომ ამ გადაწყვეტილების შესაბამისი საკანონმდებლო ყოფილიყო მიღებული. ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს ოპოზიცია. ერთადერთი ოპოზიციური გაერთიანება, რომელიც არჩევნების გადადებას მხარს არ უჭერს, არის მოძრაობა “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და მისი საპარლამენტო წარმომადგენლობა ფრაქცია “მრეწველები”. ბიუროს სხდომაზე დამტკიცებული დღის წესრიგით 11 ოქტომბერს პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს “ხე-ტყის ნედლეულის, შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის რეგულირების შესახებ”. ბიუროს სხდომაზე გადაწყდა, რომ მომდინარე კვირას ოფიციალურად გაფორმდება ორი ახალი ფრაქცია – “ალიანსი ახალი საქართველოსთვის” და “თანადგომა”. ორივე მათგანი ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირის” ყოფილი წევრებითაა დაკომპლექტებული. ამრიგად, პოლიტიკური ორგანიზაცია “მოქალაქეთა კავშირი” პარლამენტში ამ სამი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვიანი ბოიკოტის შემდეგ ბიუროს სხდომას დაეწრნენ ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლები. ოპოზიციური ფრაქცია “აღორძინების” წევრმა, ვალერი გელბახიანმა მოითხოვა საპროცედურო და იურიდიული კომიტეტების ერთობლივი საკომიტეტო მოსმენის გამართვა იმ ოთხი მაჟორიტარი დეპუტატის თაობაზე, რომელთა დაკავშირებითაც საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მან გააუქმა ოთხივე საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგები. პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ კომიტეტების თავმჯდომარეებს საკომიტეტო მოსმენის ჩატარება დაავალა.