ახალი ამბები

პრეზიდენტის ბრიფინგი. 8 ოქტომბერი, ორშაბათი, 2001.

“აფხაზეთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”

8 ოქტომბრის ბრიფინგზე ძირითადი ყურადღება პრეზიდენტმა შევარდნაძემ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებსა და ა.შ.შ.-ში ვიზიტს დაუთმო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “აფხაზეთში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება” და თუ ადგილი აქვს შეტაკებებს ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციაა. ამ მხრივ რუსეთის როლთან დაკავშირებით ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტი რომელიც ამ პროვოკაციაში რუსეთის მონაწილეობას დაადასტურებდა.  აღსანიშნავია, რომ ფრიფინგის მიმდინარეობის დროს გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთში, სოფელ ამტყელის მახლობლად გაეროს მისიის ვერტმფრენის ჩამოგდების შესახებ. ეს ინფორმაცია პრეზიდენტმა ჟურნალისტებისგან გაიგო, ამიტომ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ვერ გააკეთა.

პრეზიდენტის განცხადებით, 7 ოქტომბერს მან ძალოვან უწყებებთან აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით თათბირი ჩაატარა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა იქ არსებული სიტუაცია გალის 1998 წლის მოვლენებში არ გადაიზარდოს, როდესაც გალიდან აფხაზებმა ქართული მოსახლეობა განდევნეს. ამჟამად იგივე საფრთხე კოდირის ხეობას ემუქრება.

“საქართველო-ა.შ.შ.-ის ურთიერთობები სრატეგიულ პატრნიორობას უახლოვდება”

რაც შეეხება ა.შ.შ.-ში პრეზიდეტნის ვიზიტს. ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოსა და ა.შ.შ.-ს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეს უახლოვდება. “ამერიკის მთავრობა დაინტერესებულია სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობა ჰქონდეს ძლიერ სახლმწიფოსთან”, აცხადებს პრეზიდენტი. მისი თქმით ამ დაინტერესების შედეგია დახმარების პროგრამა რომელსაც ა.შ.შ. საქართველოსთან მიმართებაში ახორციელებს (7 ოქტომბერს ა.შ.შ.-მა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მორიგი 6 ერთეული სამხედრო ვერტმფრენი გადასცა).

ამას გარდა, ამერიკის პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან სერიოზული საუბარი შედგა საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით. ასევე ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფანის უსაფრთხოების საკითხებზე. 

პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ყველანაირად მზად არის ა.შ.შ.-ს ანტიტერორისტულ ოპერაციაში დახმარება აღმოუჩინოს. მან 7 ოქტომბერს ანტიტერორისტული კოალიციის მიერ დაწყებულ სადამსჯელო დარტყმებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოს დ.ს.თ.-დან გამოსვლის საკითხი არ დგას

8 ოქტომბრის ბრიფინგზე პრეზიდენტმა ერთი საინტერესო განცხადება გააკეთა. როგორც ცნობილია, 3 ოქტომბერს ედუარდ შევარდნაძის ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოსვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ პრეზიდენტმა შევარდნაძემ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამებობრობიდან საქართველოს გამოსვლის შესაძლებლობის შესახებ განაცხადება გააკეთა. თუმცა ორშაბათის ბრიფინგზე პრეზიდენტმა უარყო ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ ამის მსგავსი არაფერი უთქვამს.

“პანკისში ნარკოტიკების ქარხანა არ არის”

ბრიფინგზე პრეზიდენტმა პანკისში შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი განხადებით, 7 ოქტომბერს ამ საკითხთან დაკავშირებით ძალოვან სამინისტროებთან თათბირი ჩაატარა, სადაც ხეობაში სიტუაციის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საგანგებო ღონისძიებები დასახეს, რომლის თაობაზე პრეზიდენტი კონკრეტულად არ საუბრობს. “პანკისში ნარკოტიკები არ მზადდება. ნარკოტიკები ხეობაში გარედან შედის. ძალოვნები ყველაფერს გააკეთებენ, რათა იქ სიტუაცია დარეგულირდეს”, განაცხადა შევარდნაძემ.

Back to top button