ახალი ამბები

აფხაზური მხარე – ეს იგივეა რაც რუსული მხარე

“ახალი თაობა”, “დილის გაზეთი”

საომარი მოქმედებები აფხაზურ-რუსულ მხარესა და ქართულ-ჩეჩნურ შეიარაღებულ დაჯგუფებებს შორის გრძელდება. “ახალი თაობის” ცნობით, აფხაზები მშობლიურ მიწას ტოვებენ და რუსეთს მიაშურებენ. “აფხაზეთს მამაკაცებიც ტოვებენ, რომლებისთვისას, სხვათა შორის, აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა”.

აფხაზეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით “ახალი თაობა” ესაუბრა მებრძოლთა კავშირის თავმჯდომარეს ანზორ მარგიანს. მარგიანის მტკიცებით, დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში არ მონაწილეობს აფხაზური მხარე. სახელი აფხაზური მხარე რუსულ არმიას ჰქვია. მას მიაჩნია, რომ საფრთხე ემუქრება კოდორის ხეობას, რომელიც ერთადერთი ტერიტორიაა აფხაზეთში, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება. ასევე საფრთხის ქვეშ არის ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონები.

პრეზიდენტ შევარდნაძეს ამერიკაში ვიზიტისას მხარში დგომა აღუთქვეს, წერს “დილის გაზეთი”, რომელიც ადასტურებს მოსაზრებას, რომ რუსული მხარე და აფხაზური მხარე, ამ შემთხვევაში, ერთიდაიგივეა. “აფხაზეთის კანონიერი ხელისუფლების განცხადებით, აფხაზებმა, ანუ რუსებმა, გუშინ გულრიფშის რაიონში დესანტი გადმოსხეს. არაოფიციალური ინფორმაციით, გალის რაიონთან მომდგარია რუსეთის ჯარების მძიმე ტექნიკა, კოდორის ხეობასთან კი თავმოყრილია ასობით ჯავშანტექნიკა. ქართული წყაროების განცხადებით, რუსეთი საომარ მზადყოფნაშია”, წერს გაზეთი.

“დილის გაზეთი” ერთ მოსაზრებაზე ამახვილებს ყურადღებას: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ ვითარება არ გამწვავდება. რა იძლევა ამ ოპტიმიზმის საფუძველს? შესაძლოა ის, რომ მოხდა გარიგება ქართულსა და რუსულ მხარეებს შორის. “ამ კონფლიქტით ორივე მხარე არათანაბრად კმაყოფილი დარჩება: რუსეთი გარანტირებულად მიიღებს გუდაუთის ბაზის ხელშეუხებლობას და შესაძლებლობას ერთიანად გაანადგუროს ჩეჩენი ბოევიკები. ქართულ მხარეს პირდებიან გალის რაიონის დაბრუნებას”, თუმცა რა სახის “დაბრუნებაზეა” საუბარი, გაზეთისთვის გაუგებარია. პარტიზანული დაჯგუფება “ტყის ძმების” მეთაური დავით შენგელია მიიჩნევს, რომ აფხაზები გალის რაიონს არავითარ შემთხვევაში არ დათმობენ.   

 

Back to top button