ახალი ამბები

სააკაშვილი შევარდნაძის კორუმპირებულ მთავრობას ემიჯნება

“რეზონანსი”, “დილის გაზეთი”, “ახალი თაობა”, “ალია”

“მოქალაქეთა კავშირის” ნაწილი პოლიტიკური ბრძოლის დაწყებას და შევარდნაძისგან დისტანცირებას გეგმავს”, წერს “რეზონანსი”. იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილი გუშინ მთავრობის სხდომაზე თანამდებების ხმაურით დატოვებას აპირებდა. გაზეთის აზრით, სწორედ ამიტომ გადადო შევარნდაძემ მთავრობის სხდომა და სააკაშვილს გეგმები ჩაუშალა. “მიხეილ სააკაშვილს საკუთარი კაბინეტიდან მოუხდა განცხადების გაკეთება იმის შესახებ, რომ აღარ სურს იმ მთავრობაში ყოფნა, რომელმაც ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ვერაფრით გამოასწორა”. “მე ვთვლი, რომ უნდა გადავგდე თანამდებობიდან, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია რამის კეთება, როცა ყველა ჩაფლულია კორუფციაში, როცა რეალური საქმის კეთება არავის უნდა”, აცხადებს ის. სტატიის ავტორი დარწმუნებულია, რომ შევარდნაძე აღელვების გარეშე მოაწერს ხელს სააკაშვილის განცხადებას გადადგომის თაობაზე.

ახლა უკვე ყოფილმა ექს-მინისტრმა გადაწყვიტა კენჭი ვაკის არჩევნებში იყაროს და გამარჯვების შემთხვევაში კვლავ პარლმენტში დაბრუნდეს. “ვაკეში გამარჯვებას სააკაშვილს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა მთელი  საქართველოს კორუმპირებული მინისტრების და კლანების ფული, ალბათ, მის წინააღმდეგ იმუშავებს, რომ აღარაფერი ვთქვათ პოლიციასა და უშიშროებაზე”, წერს “რეზონანსი”. გაზეთის პოზიცია აშკარაა: კორუმპირებულ მთავრობას ნამდვილად არ სურს სააკაშვილის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნება და ყველაფერს გააკეთებს არჩევნებში სხვა კანდიდატურის გაყვანისთვის. “დილის გაზეთის” მოსაზრებაც ადეკვატურია. მას მიაჩნია, რომ გარკვეული ძალები სააკაშვილის კანდიდატურის ფიასკოზე იმუშავებენ.

“რაც შეეხება სააკაშვილის მომავალს, მას ყველაზე პესიმისტებიც კი ვერ უყურებენ ბნელ ფერებში…”, წერს “რეზონანსი” “იგი შეებრძოლება შევარდნაძის მთავრობას, რომელიც ბოლომდეა ჩაძირული იმ სენის წუმპეში, რომელსაც კორუფცია ჰქვია”.

“დილის გაზეთთან” საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა: წავედი იმიტომ, რომ სხვა გამოსავალს ამ მთავრობაში ვერ ვხედავ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემეშინდა. წინ გადამწყვეტი ბრძოლაა ნორმალური ცივილიზებული ქვეყნის ასაშენებლად”. მიზნის მისაღწევაში მისი იარაღია პირადი რეიტინგი, რამდენიმე საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, საკმაოდ მყვირალა ფრქაციის შექმნა და არასამთავრობო სექტორი, რაც, გაზეთის აზრით, არ არის ცოტა.

“ახალი თაობა”, როგორც ყოველთვის, მიხელ სააკაშვილის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ამჟღავნებს და მიაჩნია, რომ მისი თანამდებობის დატოვება პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და არა მისი საკუთარი ინიციატივა. გაზეთის ინფორმაციით, დასავლეთსა და რუსეთს სააკაშვილის პერსონაში დიდი კაპიტალი აქვთ დაბანდებული და მასზე ფსონი აქვთ გაკეთებული. სწორედ ამიტომ აითვალისწუნა შევარდნაძემ სააკაშვილი.

“ალია” აქვეყნებს პარლამენტის წევრების მოსაზრებებს სააკაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით. კომენტარებში იკვეთება, თუ ვინ უჭერს მხარს სააკაშვილს. “თუ ჩვენს ქვეყანას საზღვარგარეთ იმედის თვალით უყურებენ, ეს მიშასნაირი პიროვნებების გამო ხდება”, აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. კობა დავითაშვილს, რომელმაც ახლახანს დატოვა მოქალაქეთა კავშირი, მიაჩნია, რომ სააკაშვილის ამ ნაბიჯით “იწყება ნამდვილი ბრძოლა”. “მრეწველთა” ფრაქციის წევრს ზურაბ ტყემალაძეს გული წყდება მისი გადადგომის გამო. ფრაქცია “ტრადიციონალისტის” ლიდერი კი სააკაშვილის დიდ როლზე საუბრობს თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში

მსგავსი/Related

Back to top button