ახალი ამბები

ოპოზიციის ვერსიით, ხელისუფლება ჩეჩნების აჭარაში შეჭრას გეგმავდა

29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ჯემალ გოგიტიძემ განაცხადა, რომ ერთი კვირის წინ კოდორის ხეობაში მომხდარი მოვლენები, რომლის დროსაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხეობაში ჩეჩენი მებრძოლები იმყოფებოდნენ, მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო ფანდია. `არჩევნების წინ, როგორც წესი, ვაწყდებოდით ამგვარ მოვლენებს. იგივე მოხდა, 1998 წელს, როდესაც თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში დასავლეთ საქართველოში ხელისუფლებამ ვითარება დაძაბა”, – აღნიშნა გოგიტიძემ. მისი თქმით, ხელისუფლება, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, საომარი მოქმედებების წარმართვასაც კი არ ერიდება. უმცირესობის ლიდერმა გაახმაურა, მისი ვერსიით, 1998 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში შემუშავებული გეგმა “აჭარაში საქართველოს შეიარაღებული ძალების შეჭრის შესახებ”. გოგიტიძის განცხადებით ეს გეგმა 1999 წელს ჩეჩნეთის რესპუბლიკა – იჩქერიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმდა.

პრესკონფერენციაზე ასევე ითქვა, რომ თბილისში დამუშავებული გეგმის მიხედვით, კოდორის ხეობაში მოულოდნელად გამოჩენილი ჩეჩენი მებრძოლები (აჭარაში არსებული ინფორმაციით) შავი ზღვის სანაპიროს გავლით აჭარაში აპირებდნენ გადასვლას.

მსგავსი/Related

Back to top button