
ევროკომისიის ანგარიში: საქართველომ შესაძლოა „მთლიანად“ დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი
ძირითადი ვალდებულებების შესრულებაში „უკუსვლის“ მოტივით, ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის შეჩერების მერვე ანგარიშში, რომელიც თავდაპირველად დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს ეხებოდათ, საქართველოს წინააღმდეგ „შესაბამისი ზომების“ მიღების შესახებ გააფრთხილა, რასაც შესაძლოა, საბოლოო ჯამში, მთელი მოსახლეობისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოყვეს.
კომისიამ ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში თავისი ყოველწლიური ანგარიში 19 დეკემბერს გამოაქვეყნა. ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი თვით ადრე ბრიუსელმა ახალი წესები დაამტკიცა, რომლებიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამარტივებს და სავიზო შეღავათების გაუქმების მიზანმიმართულ მიდგომას ითვალისწინებს. ახალი მექანიზმი 2025 წლის 30 დეკემბერს ამოქმედდება.
„საქართველომ მნიშვნელოვანი რეგრესი განიცადა მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების საფუძველს ქმნიდა. ანალოგიურად, საქართველომ ასევე განიცადა რეგრესი სავიზო თანხვედრისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში“, – ნათქვამია ევროკომისიის დოკუმენტში. „ამ უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში“.
„პირველ ეტაპზე, ვიზების შეჩერება შეიძლება შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
ბრიუსელმა მსგავსი ზომები დიპლომატიური პასპორტების მფლობელების წინააღმდეგ 2025 წლის დასაწყისშიც მიიღო და საქართველოს მაღალჩინოსნებმა აღიარეს, რომ მას შემდეგ მათ ვიზა სჭირდებოდათ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში სამოგზაუროდ. თუმცა, ახალ ანგარიშში განმარტებულია, რომ ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს „ერთიან მიდგომას“ ყველა წევრ სახელმწიფოში, რაც ნიშნავს, რომ ასეთი პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი გამონაკლისები შეუძლებელი იქნება.
„მეორე ეტაპზე, შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს“, – ნათქვამია ანგარიშში. „საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმის სტატუსი“.
This post is also available in: English