
საქართველოს ხელისუფლება 2026 წლიდან Erasmus+-ის პროგრამით ვეღარ ისარგებლებს
ევროკავშირის პროგრამა “Erasmus+”-ის განახლებული გზამკვლევის მიხედვით, საქართველოს ხელისუფლება 2026 წლიდან პროგრამით ვეღარ ისარგებლებს, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, პერსონალი და სხვები კვლავ შეძლებენ ამ შესაძლებლობის გამოყენებას.
ამის მიზეზად დოკუმენტში ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის 19 დეკემბრის დასკვნა და „საქართველოში განვითარებული მოვლენებია“ დასახელებული. ბრიუსელმა „გადახედა ფინანსურ დახმარებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ სარგებლობს“.
„განათლებისა და ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი ფინანსური დახმარება – რომელიც შეიძლება იყოს ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი მთავრობა, სააგენტოები და სახელმწიფოს კუთვნილი საწარმოები – არ განიხილება კავშირის ინტერესებში“, – ნათქვამია გზამკვლევში.
National Erasmus+ ადგილობრივმა წარმომადგენლობამ საქართველოში 17 ნოემბერს განმარტა, რომ ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებები „კვლავ აგრძელებენ მონაწილეობას Erasmus+-ის მობილობისა და თანამშრომლობით აქტივობებში, Erasmus+-ის პროგრამის სახელმძღვანელოს დადგენილი წესების შესაბამისად“.
„შესაძლებლობები ხელმისაწვდომი რჩება სტუდენტებისთვის, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, სკოლებისთვის, პროფესიული განათლებისა და ტრენინგ ცენტრებისა და სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში არიან პროგრამის შერჩევის კრიტერიუმებთან“, – განაცხადა წარმომადგენლობამ და დასძინა, რომ „ევროკავშირის ნებისმიერი პროგრამის შემთხვევაში, წესები და შერჩევის კრიტერიუმები შესაძლოა დროთა განმავლობაში შეიცვალოს“.
This post is also available in: English