
სუსი: ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გამოიკითხა და მან „აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“, განაცხადა ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსმა, ემზარ გაგნიძემ 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ღარიბაშვილმა „სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან“.
„შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში, გამოძიება არსებული და დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს მის მიმართ როგორც მისი ქმედების დაკვალიფიცირების, ასევე მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე, რაც ასევე ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა გაგნიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას წინ უძღოდა გენერალურ პროკურატურაში გამართული ბრიფინგი, სადაც სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის თანამოაზრის, კობა ხუნდაძის დაკავების შესახებ გაკეთდა განცხადება. უწყების ცნობით, ხუნდაძის სახლიდან ჩხრეკისას ამოღებული იქნა 94 კონვერტად დახარისხებული სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა, მთლიანობაში 1 319 300 აშშ დოლარი. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში წაუყენეს და ცხრიდან თორმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორთან – ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირის, მიხეილ ჩოხელის და მისი ოჯახის წევრის საბანკო სეიფებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ამოღებულ იქნა 2 904 900 აშშ დოლარი.
This post is also available in: English