
ეუთოს 37 წევრი სახელმწიფო, აშშ-ის გამოკლებით, „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს
ეუთოს 37 წევრმა სახელმწიფომ საქართველოს შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას, „უსამართლოდ დაკავებულთა“ გათავისუფლებისკენ მოუწოდა და სინანული გამოთქვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირის ბოლო მომენტში მოწვევის გამო. აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატები ხელმომწერებს შორის არ არის.
11 სექტემბრის ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს ალბანეთმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ, კანადამ, ხორვატიამ, ჩეხეთმა, კვიპროსმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, საბერძნეთმა, ისლანდიამ, ირლანდიამ, იტალიამ, ლატვიამ, ლიხტენშტეინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მონტენეგრომ, მალტამ, მოლდოვამ, ნიდერლანდებმა, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, სლოვენიამ, ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ, უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ.
ხელმომწერებმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოში მომავალი ადგილობრივი არჩევნები ჩატარდება „მძიმე პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების კონტექსტში“. ხელმომწერებმა ხაზი გაუსვეს მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჟურნალისტების მიმართ სახელმწიფო რეპრესიების გაგრძელებას და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „გამოიძიონ ყველა ბრალდება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების თაობაზე და პასუხისგებაში მისცენ ყველა დამნაშავე“.
This post is also available in: English