
სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი სტივ დეინსი საქართველოს სტუმრობს, განაცხადა აშშ-ის საელჩომ 30 მაისს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მისი შეხვედრები როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან.
„ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
„ის ასევე გეგმავს, რომ გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“, – აცხადებს საელჩო.
სენატორი დეინსი თბილისს რეგიონული ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. 29 მაისს, იგი ბაქოში აზერბეიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.
საქართველოში, სენატორი უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც „წინააღმდეგობის პლატფორმას“ უდგას სათავეში. „მან მოისმინა არა მხოლოდ შიდა საკითხები“, განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, „არამედ, სტრატეგიული გამოწვევა, რაც არსებობს ამერიკისთვის საქართველოში და რომელიც მოითხოვს ამერიკიდან ძალიან დიდ ყურადღება“.
შეხვედრა ოპოზიციასთან
სენატორი თავდაპირველად შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც „წინააღმდეგობის პლატფორმის” ლიდერია. „მან მოისმინა არა მხოლოდ შიდა საკითხები“, განაცხადა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე, „არამედ ასევე სტრატეგიული გამოწვევა, რაც არსებობს ამერიკისთვის ამ რეგიონში და საქართველოში და რომელიც მოითხოვს ამერიკიდან ძალიან დიდ ყურადღებას“.
„სენატორი დეინსი შეხვდა სალომე ზურაბიშვილსა და პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, რათა განეხილათ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა შეერთებული შტატებისთვის, შეშფოთება ოპოზიციის ლიდერების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო და პროდასავლური საქართველოს აუცილებლობა რეგიონში კეთილდღეობის, პროგრესისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა აშშ-ის საელჩომ.
ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა სოციალურ ქსელში საელჩოს პოსტი გააზიარა და დაწერა: „მადლობელი ვარ, რომ ჩემი მეგობარი სენატორი სტივ დეინსი შეხვდა საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ოპოზიციურ პარტიებს თბილისში. ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპს და კრძალავს ოპოზიციას. ერთადერთი გამოსავალი ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაა!“
შეხვედრა “ქართული ოცნების” მთავრობასთან
სენატორი დეინსი ასევე შეხვდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ „ქართული ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
„შეხვედრისას საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს ურთიერთობებს, საქართველოს როლს რეგიონში, ასევე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას“, – ნათქვამია მთავრობის პრესრელიზში.
„პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვისა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის, რომელიც კონკრეტულ გზამკვლევს დაეფუძნება და ხელშესახებ შედეგებს მოუტანს ორივე ქვეყანას“, – ნათქვამია პრესრელიზში.
„ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ასევე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალს. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველო პარტნიორებს სთავაზობს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს, მრავალმილიონიან ბაზრებზე წვდომის კუთხით“.
„შეხვედრისას ასევე ყურადღება დაეთმო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია პოლიტიკური სტაბილურობა და საქართველოს ხელისუფლება ამის გარანტია“, – ნათქვამია პრესრელიზში.
„ძალიან პროდუქტიული შეხვედრა მქონდა აშშ-ის სენატორ სტივ დეინსთან. განვიხილეთ საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული ძლიერი პარტნიორობა, ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი“, – დაწერა ირაკლი კობახიძემ X-ზე შეხვედრის შემდეგ და დასძინა: „მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მთავრობის მტკიცე მზადყოფნა, განაახლოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან – რომელიც აგებული იქნება მკაფიო, ქმედით გზამკვლევზე, რომელიც ხელშესახებ სარგებელს მოუტანს ორივე ქვეყანას. საქართველო წარმოადგენს საიმედო პარტნიორს, რომელიც სთავაზობს სტრატეგიულ შესაძლებლობებს და წვდომას მრავალმილიონიან ბაზრებზე“.
„სენატორი დეინსი დღეს მიესალმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შესაძლებლობას, რათა განეხილა აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების საკითხები. სენატორმა დაადასტურა საქართველოს გადამწყვეტი როლი კავკასიასა და მის ფარგლებს მიღმა მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობაში და კატეგორიულად მოუწოდა საქართველოს, მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპთან და მის ადმინისტრაციასთან ჩვენი საერთო ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების წინსვლისთვის“, – ნათქვამია დეინსის გვერდზე სოციალურ მედიაში.
ასევე წაიკითხეთ:
- 13/05/2025 – ოფიციალური კონტაქტების ნაკლებობით იმედგაცრუებული კობახიძე ტრამპს „ღია წერილით“ მიმართავს
- 26/04/2025 – დავითაშვილი აშშ-ს სტუმრობს, მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს
- 14/03/2025 – „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის ელჩს შეხვდა
This post is also available in: English