skip to content
ახალი ამბები

ევროპის საბჭოს კომისარი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა მაიკლ ოფლაერტიმ საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. 26 მარტს გამოქვეყნებულ ახალ მემორანდუმში კომისარი ოფლაერტი შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გამო და საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტულ რეკომენდაციებს აძლევს. იგი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები, უზრუნველყოს პასუხისმგებლობა სამართალდამცავი ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობისთვის, და დაიცვას ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორიცაა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. მემორანდუმს წინ უძღოდა მისი იანვრის ვიზიტი საქართველოში.

ადამიანის უფლებების დარღვევა საპროტესტო აქციების დროს

აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობა

მემორანდუმი დეტალურად აღწერს ადამიანის უფლებებათა დარღვევებს, რომელთაც 2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს ჰქონდა ადგილი. დოკუმენტი სახალხო დამცველის ოფისს ეყრდნობა, რომელმაც მომიტინგეების დაკავებისა და დაშავების 327 შემთხვევა და პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის 225 შემთხვევა გამოავლინა. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია ფიზიკური შეურაცხყოფისა და სექსუალური ძალადობის მუქარის შემთხვევები ქალი მომიტინგეების  მიმართ და აღნიშნულია, რომ ადვოკატებსა და ოჯახის წევრებს დროულად არ მიეწოდათ ინფორმაცია დაკავებების შესახებ, რითიც სამართლებრივი სტანდარტები დაირღვა. ბევრმა დაკავებულმა განაცხადა, რომ მათ მობილური ტელეფონები ჩამოართვეს და აღარ დაუბრუნეს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ წამების საწინააღმდეგო საერთაშორისო სსო-ების წინასწარი ფაქტების დამდგენი მისია „მომიტინგეებისა და მხარდამჭერების სისტემატური წამებისა და არასათანადო მოპყრობის კოორდინირებულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე“ ამახვილებს ყურადღებას.  

ანგარიშში ასევე საუბარია პრესის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვებზე და აღწერილია 91 შემთხვევა, სადაც ჟურნალისტებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს. ათზე მეტ ჟურნალისტს პოლიციელები ან ნიღბიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ, სხვები კი წყლის ჭავლის, ცრემლსადენი გაზის და თვითნებური დაკავების სამიზნეები გახდნენ, ან აპარატურა გაუნადგურეს. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმაზე დაყრდნობით, ევროპის საბჭოს კომისარი აცხადებს, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და წინა წელთან შედარებით გასამმაგდა.

აქციის მონაწილეთა დაუსაბუთებელი დარბევა და დაპატიმრება

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ინდივიდუალური მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ცალკეული შემთხვევები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მთელი შეკრება არამშვიდობიანად შეირაცხოს”. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მხარდამჭერი დემონსტრაციები „დიდწილად მშვიდობიანი“ იყო და  რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციების დასაშლელად „არაპროპორციული ძალა“ გამოიყენეს, რითაც ვერ დაიცვეს მშვიდობიანი შეკრების უფლება.

ანგარიშის თანახმად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ეუთომ და ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატეს აქციების ძალადობრივი დაშლის გამო.

სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან პასუხისმგებლობის ნაკლებობა

ანგარიშში ხაზგასმულია ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი სამართალდამცველების დაუსჯელობის საკითხიც. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს დებულებას, რომელიც დემონსტრაციების დროს ნიღბიანი პოლიციელების იდენტიფიცირებას მოითხოვს.

დოკუმენტში აღნიშნული, რომ ვიზიტის დროს, კომისარმა ოფლაერტიმ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან შეხვედრისას ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაციის საკითხი დააყენა. მან რიგ საერთაშორისო სტანდარტებზე მიუთითა, რომლებიც ყველა სამართალდამცველს ავალდებულებს, ატაროს სათანადო საიდენტიფიკაციო ნიშნები.

პოლიციის არასათანადო ქმედებების გამოძიების საკითხი კვლავ პრობლემატურია. 2023 და 2024 წლებში საპროტესტო გამოსვლების დროს დარღვევების გამო არცერთი პოლიციელი არ დასჯილა. არასათანადო მოპყრობის შესახებ სანდო მტკიცებულების მიუხედავად, დაზარალებულებსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს ნაკლებად აქვთ მოლოდინი, რომ დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, ნათქვამია ანგარიშში.

გადაჭარბებული ძალა და გაუმართლებელი დაპატიმრებები

პროევროპული აქციების სრულიად მშვიდობიანი ხასიათის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოები დემონსტრანტების დასაშლელად არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს, ნათქვამია დოკუმენტში. საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ეუთომ და ევროკავშირმა შეშფოთება გამოხატეს აქციების ძალადობრივი დაშლის გამო.

შეკრების თავისუფლების ახალი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული შეზღუდვები

მემორანდუმში ასევე საუბარია „ქართული ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებულ რეპრესიულ კანონებზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას, ხოლო რამდენიმე „ახალი დებულება, როგორც ჩანს, შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან“. ეს ცვლილებები ეხება მომიტინგეებისთვის სახის დაფარვის აკრძალვას, გაზრდილ ჯარიმებს, გამკაცრებულ ჯარიმებს გზების გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციული დაკავების საფუძვლის გაფართოებას და ა.შ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „ყველა ცვლილება მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით, ზემოქმედების ყოვლისმომცველი შეფასების, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან, სახალხო დამცველთან და სხვა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების  გარეშე“.

თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე: მზია ამაღლობელის საქმე

ანგარიშში საუბარია დაპატიმრებული ჟურნალისტის, „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე, სადაც ნათქვამია, რომ მისი წინასწარი პატიმრობა გაუმართლებელია. კომისარმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჟურნალისტებს არა მხოლოდ 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს გაუსწორდნენ, არამედ „სულ უფრო მეტად ხდებიან რეპრესიების სამიზნეები სხვადასხვა სახით“.

ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ ამაღლობელის მიმართ სოლიდარობის გამო საინფორმაციო გადაცემის წამყვანის [სავარაუდოდ საუბარია ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზე}  მოხსნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან შემაშფოთებელი საკითხია.

ადამიანის უფლებათა კომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობა თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევების დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს.

იგი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას დაუყონებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, რომლებიც ლეგიტიმურად იყენებდნენ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას; ფსიქოლოგიური, ფინანსური და სამედიცინო დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულებს და გააუქმოს ნებისმიერი უსამართლო ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის სასჯელები; სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც სამართალდამცველების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების შესახებ ბრალდებების არაეფექტურ გამოძიებას უკავშირდება.  

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის შემცირებული სივრცე

თავდასხმები და ცილისწამების კამპანიები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ

დოკუმენტის თანახმად, კომისარი ინფორმირებულია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და სახელისუფლებლო ჯგუფები აქტიურად ცდილობენ სსო-ების დისკრედიტაციას, რა დროსაც მათ „სახელმწიფოს მტრებად“ წარმოაჩენენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ მათი დაფინანსების წყაროებს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აქტივისტები ფიზიკური თავდასხმების, ცილისმწამებლური კამპანიებისა და თვალთვალის სამიზნეები არიან. 2024 წლის აპრილიდან ივნისამდე პერიოდში ათზე მეტ სამოქალაქო აქტივისტს თავს დაესხნენ, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. კომისარი აცხადებს, რომ ფარული თვალთვალი უფლებადამცველების დასაშინებლად გამოიყენება.

კომისარმა შეშფოთება გამოთქვა  მმართველი პარტიის მიერ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც სსო-ების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სავალდებულო აღარაა. მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თებერვალში გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადაეხედა უცხოელი აგენტების შესახებ კანონისთვის, თუმცა სანაცვლოდ, ის „აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ზუსტი ასლით ჩაანაცვლა“.

კომისარმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების მიმართ სტიგმატიზაცია; საჯაროდ აღიაროს სსო-ების და უფლებადამცველი ორგანიზაციაების მუშაობის ლეგიტიმურობა; უზრუნველყოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე თავდასხმების სრულფასოვანი გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა; ასევე აღადგინოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; გააუქმოს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი და უზრუნველყოს, რომ მისი ნებისმიერი ჩანაცვლება შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს.

ლგბტი პირთა სტიგმატიზაცია და დისკრიმინაცია

კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ

დოკუმენტში საუბარია 2024 წლის 17 სექტემბერს მიღებულ ანტი-ლგბტ კანონზე, რომელიც გენდერის სამართლებრივ აღიარებას, ასევე სქესის შეცვლის მიზნით ოპერაციის ჩატარებას ან სხვა სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებას კრძალავს, ზღუდავს საგანმანათლებლო დაწესებულებებში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოებას და კრძალავს ერთი სქესის მქონე პირთა მიერ ბავშვის აყვანას. მართალია „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ კანონი „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვას ისახავს მიზნად, კომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის დისკრიმინაციას უწყობს ხელს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს ეწინააღმდეგება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონმა უკვე გააუარესა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა და გაზარდა შიში ლგბტი პირებს შორის.

კომისარი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზაცია საჯარო დისკურსში; გამოიძიოს ძალადობა და დისკრიმინაცია ლგბტი პირების მიმართ და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს; გააუქმოს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ; გააუქმოს ინიციატივა კანონმდებლობიდან „გენდერული იდენტობის“ ამოღების შესახებ და სრულად განახორციელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები ლგბტ პირთა უფლებების დავის შესახებ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button