skip to content
ახალი ამბები

აბასთუმნის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

აბასთუმნის ტყეში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, ამის შესახებ განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბს ხელმძღვანელობს.

აბასთუმნის მახლობლად, ტყის მასივში ორი დღის წინ გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ხანძრის კერების მიმართულებით გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი გზა და შეყვანილი იყო ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

ხანძართან ბრძოლაში ჩართულია 1500-მდე პირი, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს 1200 თანამშრომელი და ასობით ადგილობრივი მოხალისე. ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში მონაწილეობს როგორც ადგილობრივი, ისე აზერბაიჯანის, უკრაინისა და თურქეთის ავიაცია.

ბორჯომისა და აბასთუმნის ტყეებში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დღეს, მთავრობის სხდომაზე, განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, და აღნიშნა, რომ მსგავს სიტუაციებში ქვეყანა მომზადებული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ საჭიროა შესაბამისი, ინფრასტრუქტურული აღჭურვილობის განახლება, მანქანების განახლება, ასევე არის აუცილებელი კრიზისების საბჭოს სტრუქტურის შესაბამისობაში ყოფნა ასეთი ტიპის გამოწვევებთან… წელსაც და მომავალი წლის ბიუჯეტშიც საჭირო იქნება გათვალისწინება ამ რესურსის და გასატარებელი იქნება ისეთი ტიპის სისტემური ცვლილებები, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაცილებით მაღალი ხარისხის მზადყოფნაში მოიყვანს ასეთი ტიპის გამოწვევებთან“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ტყის აღდგენა და იმედი გამოთქვა, რომ ამ „ღირსეულ საქმეში“ მთელი საზოგადოება ჩაერთვება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button