skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი ლიტვას სტუმრობს


პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე, 30 მარტი, 2017. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 30 მარტს ევროკავშირში სიმბოლურად უვიზოდ გაემგზავრა და ლიტვას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა.

პრეზიდენტმა ქართველ დეპუტატებთან, ეთნიკურად აფხაზი და ოსი მოქალაქეების ჯგუფთან და ლიახვის ხეობიდან დევნილ მოქალაქესთან ერთად შენგენის ზონის საზღვარი სიმბოლურად გადაკვეთა და აღნიშნა, რომ უვიზო რეჟიმი „ყველა იმ შესაძლებლობას განავითარებს, რომელიც გვაქვს ევროპასთან მიმართებაში, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან თანამშრომლობის თვალსაზრისით“.

„ევროკავშირის ქვეყანაში ჩამოვედით აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნიდან საქართველოს სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები და გვიხარია, რომ ჩვენი ურთიერთობა ევროპასთან ამ მიმართულებით ღრმავდება“, – პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვილნიუსში ჩასვლისას განაცხადა.

30 მარტს პრეზიდენტი თავის ლიტველ კოლეგას დალია გრიბაუსკაიტეს შეხვდა. ლიტვის პრეზიდენტი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო მეთაური იყო, რომელმაც თბილისს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიულოცა.

„ამიერიდან ჩვენი ერები კიდევ უფრო დაახლოვდებიან. თქვენი ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ მაგალითია რეგიონისთვის. ლიტვა თქვენი ერთგული მეგობარია და ყოველთვის მხარს დაუჭერს საქართველოს“, – განაცხადა მან 27 მარტს გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში.

გრიბაუსკაიტესთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ლიტვას საქართველოს ევროპული პერსპექტივის და ვიზალიბერალიზაციის პროცესის აქტიური მხარდაჭერისთვის.

„საქართველო ყოველდღიურად გრძნობს ლიტვის ხელისუფლების და ლიტველი ხალხის თანადგომას. დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამ განსაკუთრებული მეგობრობის მაგალითია“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა ნატოს მომავალ სამიტზეც ისაუბრეს, რომელსაც მხოლოდ ნატოს წევრი სახელმწიფოები დაესწრებიან.

„მე ვთხოვე ტრადიციულად ჩვენს მეგობარს ქალბატონ გრიბაუსკაიტეს, ადამიანს რომელსაც არაერთ სამიტზე და საერთაშორისო ფორუმზე დაუცავს საქართველოს ინტერესი, რომ განსაკუთრებით მიაქციოს ყურადღება ჩვენს დღის წესრიგს და ჩემი პირადი სახელით საქართველოს პოზიცია დააფიქსიროს ამ სამიტზე“, – გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

ლიტვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო მეთაურებმა უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილ საფრთხეებზეც იმსჯელეს.

პრეზიდენტ გრიბაუსკაიტეს თქმით, ლიტვა საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ მისწრაფების ერთგული მხარდამჭერია.

პრეზიდენტმა გრიბაუსკაიტემ ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს და მის, როგორც ლიდერის როლს, აღმოსავლეთ პარტნიორობაში, თუმცა დასძინა, რომ საჭიროა სასამართლო სისტემის და პროკურატურის რეფორმების, ასევე საჯარო სამსახურების დეპოლიტიზაციის და ანტი-კორუფციული ღონისძიებების ტემპის შენარჩუნება.

მისი თქმით, მედიის თავისუფლება და პლურალიზმი დემოკრატიული განვითარებისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

შეხვედრაზე მხარეებმა სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული სიტუაციაც განიხილეს. გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და კატეგორიულად გმობს ამ ორი რეგიონის ნელ ანექსიას უკანონო არჩევნებისა და რეფერენდუმის გზით.

ლიტვაში ვიზიტის ფარგლებში მარგველაშვილი პრემიერ-მინისტრ საულიუს სკვერნელისს და პარლამენტის თავმჯდომარეს ვიქტორას პრანცკიეტისს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button