skip to content
ახალი ამბები

აშშ აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით შეშფოთებულია


ენგურის ხიდი, გალსა და ზუგდიდს შორის მოქმედ ორ გამშვებ პუნქტიდან ერთ-ერთი. ფოტო: Civil.ge/ იანა ყორბეზაშვილი. 

ამერიკის შეერთებული შტატები „ღრმა შეშფოთებას" გმოთქვამს "დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე დახუროს საქართველოში აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებული ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მარკ ტონერმა 6 მარტს გავრცელებულ პრესრელიზში.  

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ნაბაკევი–ხურჩისა და მეორე ოტობაია–ორსანტიას გამშვები პუნქტები 5 მარტს დახურა. ეს გადაწყვეტილება სოხუმში 2016 წლის 28 დეკემბერს მიიღეს. გალის რაიონის ნაბაკევისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ზუგდიდის რაიონის ახლომდებარე სოფლებში მოსახვედრად სასწავლებლად, სამედიცინო მომსახურებისა და კომერციული საქმიანობისთვის ნაბაკევი–ხურჩას გამშვებ პუნქტს იყენებდა. ამავე პუნქტებით სარგებლობდნენ გალის რაიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებიც, ვინც განათლებას ზუგდიდის რაიონის სკოლებში იღებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ამგვარი ქმედება „კიდევ უფრო შეზღუდავს გადაადგილების თავისუფლებასა და ადგილობრივი მაცხოვრებლების საარსებო წყაროებს“. 

„მსგავსი ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობას ჰუმანიტარულ სირთულეებს უქმნის და ხალხს უქრობს ურთიერთნდობასა და მომავლის იმედს. ამასთანავე, ეს ძირს უთხრის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს – აღიარებულ მექანიზმს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხებსა და ჰუმანიტარულ საჭიროებებზე მოლაპარაკების საწარმოებლად“, – ნათქვამია განცხადებაში. 

„შეერთებული შტატების მოწოდებაა, კვლავ გაიხსნას აღნიშნული გამშვები პუნქტები, რათა საშუალება მიეცეთ ბავშვებს, იარონ სკოლაში და მოსახლეობამ შეძლოს თავისუფლად გადაადგილება, ვაჭრობა, ნათესავების მონახულება და საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღება“, – ნათქვამია განცხადებაში. 

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქვეყნის „სრული მხარდაჭერა“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ორი გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ 28 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე შეშფოთება მოყვა. 

გალის რაიონის მაცხოვრებლებმა 25 იანვარს აფხაზეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე მდებარე ორი გამშვები პუნქტის დახურვის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. რამდენიმე ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის გაერომ, ევროკავშირმა, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ლიტვამ და იაპონიამ, დაგმეს ორი გამშვები პუნქტის დაგეგმილი დახურვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button