skip to content
ახალი ამბები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 4 ნოემბერს სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს "ბაგრატაშენის" ახალი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნის ცერემონიის ფარგლებში შეხვდა.

„მხარეებმა ორმხრივი კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას“, – იტყობინება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია.

ამავე ინფორმაციით, სერჟ სარგსიანმა გიორგი კვირიკაშვილს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის, ქართული ოცნების გამარჯვება მიულოცა; გიორგი კვირიკაშვილმა კი სომხეთის პრეზიდენტს საქართველოსთან საზღვარზე ახალი გამშვები პუნქტის გახსნა, რითაც მისი თქმით,  ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა.

„ახლად გახსნილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რუსთავი-სადახლოს ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან ერთად, უზრუნველყოფს სომხეთიდან და სომხეთის მიმართულებით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებელ დაკავშირებას აღმოსავლეთ-დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნებთან და ხელს შეუწყობს რეგიონული სატრანსპორტო ქსელის მდგრად და კონკურენტუნარიან განვითარებას“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის პრესრელიზში.

დღესვე, კვირიკაშვილმა და სარგსიანმა სადახლო-ბაგრატაშენის საკონტროლო-გამშვები პუნქტზე ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც 2017 წლიდან მდინარე დებედზე "მეგობრობის ხიდის" მშენებლობა დაიწყება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით და ორი ქვეყნის მთავრობათა მხარდაჭერით, რომლებმაც შესაბამისი ხელშეკრულება 2014 წლის დეკემბერში გააფორმეს.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button