skip to content
ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე ივლიანე ხაინდრავამ საქართველოს ‘ინსტიტუციურ გაურკვევლობაზე’ ისაუბრა

რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე გამოსვლისას პარტიის დიდი ხნის წევრმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ „ინსტიტუციური გაურკვევლობისა“ და როგორც კოალიციის, ისე მთავრობის შიგნით გადაწყვეტილების მიღების გაურკვეველი პროცესის შესახებ ისაუბრა.

6 დეკემბერს ყრილობაზე გამოსვლისას ხაინდრავამ, რომელსაც 2014 წლის შუა პერიოდიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის პოსტი უკავია, განაცხადა, რომ ბოლო სამი წლის მანძილზე, მას შემდეგ რაც კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა,  საქართველოში თავისუფლებების გაზრდილი დონე მთავარი მიღწევაა. მან ასევე განაცხადა, რომ ის იზიარებს ყრილობაზე პარტიის სხვა ლიდერების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს იმ პროგრესის შესახებ, რომელსაც რესპუბლიკურმა პარტიამ მიაღწია. თუმცა მან ასევე განუცხადა თანაპარტიელებს, რომ  არსებული ვითარების სხვა ასპექტებზე სურდა ყურადღების გამახვილება.

„ჩვენ ვცხოვრობთ და ვსაქმიანობთ გაურკვეველი კონსტიტუციის პირობებში, სადაც ინსტიტუციურ გაურკვევლობას ამძაფრებს ხელისუფალთა შორის გაურკვეველი პერსონალური ურთიერთობები. პოლიტიკური ველი ჩვენს ქვეყანაში დანაგვიანებულია სხვების კომპლექსებითა და ფობიებით, მანიებითა და ბოღმით, არაკომპეტენტურობითა და პოლიტიკანობით და რაღა თქმა უნდა, ჭარბი ამბიციებით“, – განაცხადა ხაინდრავამ და დასძინა, რომ ამ თვალსაზრისით არც რესპუბლიკური პარტია ჩამორჩება ვინმეს.

„წინასწარ არავინ იცის, თუ რომელ საკითხზე ვის ეკუთვნის გადამწყვეტი სიტყვა, რომელია ის პირი, ინსტანცია, თუ ფორმატი, სადაც მიიღწევა საბოლოო შეთანხმება ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად“, – განაცხადა მან. 

„შემთხვევითი არაა, რომ ამ ერთი თვის წინ ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მყოფი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი შეხვდა ჩვენს პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის სპიკერს, ყოფილ პრემიერს და პატრიარქს“, – განაცხადა ხაინდრავამ, რომელსაც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტი ჰქონდა მხედველობაში, რომელიც საქართველოს ხელმძღვანელობასთან და პატრიარქთან ერთად ნოემბრის დასაწყისში თბილისში სტუმრობის დროს ასევე შეხვდა ყოფილ პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს.

„უნდა დავუფასოთ გამჭრიახობა მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს, თუმცა მე პირადად ეჭვი მეპარება იმაში, რომ ამ შეხვედრების შედეგად სტუმარი დაიმედებული და დამშვიდებული დაბრუნდა, ემანდ სახელისუფლებო ცენტრები ისე კონსოლიდირებული და შეხმატკბილებული არიან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას არაფერი ემუქრებაო. უფრო გაურკვევლობის განცდით შეპყრობილი ბევრი ჩვენი უცხოელი პარტნიორის მსგავსად გამოემშვიდობებოდა იგი თბილისს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

„ოღონდ ნუ დავაბრალებთ ყველაფერს წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ მართლაც რომ ყოვლად უგვანო კონსტიტუციას“, განაგრძო მან, „ქვეყანას მართავს კოალიცია, რომელიც თავის მხრივ იმართება ზუსტად ისე, როგორც თავად მართავს ქვეყანას – ფორმალურად, კოალიციას ჰყავს ლიდერი [პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი], პლუს არაფორმალური ლიდერი [ყოფილი პრემიერი ივანიშვილი]; ყავს პოლიტსაბჭო; აქვს კიდევ რაღაც სტრუქტურები, მაგრამ ვის მიერ, რის საფუძველზე მიიღება ესა თუ ის გადაწყვეტილება, არსადაა გაწერილი; გაწერილი არ ყოფილა, არ არის და როგორც ჩანს, არც იქნება. და როგორც ასევე ჩანს, ამ გაურკვეველი მდგომარეობით შევა კოალიცია და ჩვენი პარტია საარჩევნო რეჟიმში“.

„საარჩევნო რეჟიმში ჩვენ შევდივართ იმ პირობებში, როცა გაურკვეველი კოალიციის გარკვეული ნაწილი თანაუგრძნობს არა თამარ ხიდაშელს, არამედ ირმა ინაშვილს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მას მხედველობაში ჰქონდა 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნები საგარეჯოს მაჟორიტარულ ოლქში, სადაც მმართველი კოალიციის მიერ დასახელებულმა რესპუბლიკური პარტიის კანდიდატმა თამარ ხიდაშელმა  მცირე უპირატესობით მოუგო პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს. შუალედური არჩევნების წინ წარმოიშვა ვარაუდები, რომ თითქოს ქართული ოცნება ინაშვილის მხარდაჭერას აპირებდა არჩევნებზე, რათა შემდეგ რესპუბლიკური პარტიის წევრის წაგება კოალიციაში ამ პარტიის პოზიციების დასასუსტებლად გამოეყენებინა. ბიძინა ივანიშვილმა ეს სპეკულაციები კატეგორიულად უარყო და საგარეჯოს ამომრჩევლებს თამარ ხიდაშელის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ხაინდრავამ ასევე განაცხადა, რომ თავად რესპუბლიკურ პარტიასაც „გადაედო მართვის გაურკვევლობა“ და აღნიშნა, რომ პარტიის გადაწყვეტილების მიღების პროცესი ჩამორჩება მოვლენათა განვითარებას, რის გამოც ეს პროცესი უბრალო ფორმალობა ხდება.

რესპუბლიკური პარტიის როლი მმართველ კოალიციაში ერთ–ერთი მთავარი საკითხი იყო, რომელიც პარტიის ლიდერებმა ყრილობაზე გამოსვლისას წამოწიეს და აღნიშნეს, რომ რესპუბლიკელებმა მთავრობაში დამატებით ორი ადგილის დაკავებით მეტი პასუხისმგებლობა აიღეს. რესპუბლიკური პარტიის წევრი პაატა ზაქარეიშვილი 2012 წლის ბოლოდან სახელმწიფო მინისტრია სამოქალაქო თანასწორობის და შერიგების საკითხებში; პარტიის კიდევ ორი წევრი, თინა ხიდაშელი და გიგლა აგულაშვილი, წელს თავდაცვის და გარემოს დაცვის მინისტრები გახდნენ, შესაბამისად.  

ხათუნა სამნიძემ, რომელიც 6 დეკემბრის ყრილობაზე მეორე ორწლიანი ვადით იქნა არჩეული პარტიის თავმჯდომარედ, განაცხადა, რომ მართალია მინისტრების პორტფელების აღება რისკი იყო, მაგრამ პარტია მზად არის ამ პასუხისმგებლობისთვის და იმისთვისაც, რომ მეტი რესპუბლიკელები ყავდეს მთავრობაში.  

მისი თქმით, კოალიციაში საქმიანობა ნიშნავს, რომ კოალიციაში კონსენსუსისა და ერთიანობის შესანარჩუნებლად პარტიას ხშირად ისეთი გადაწყვეტილებების მიღება უწევს, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერებს შორის იმედგაცრუებას იწვევს. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა რესპუბლიკური პარტიის მოწოდება კოალიციის და მისი გადაწყვეტილების მიღების პროცესის „მეტი დემოკრატიზაციისკენ“ და ასევე ისაუბრა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „კოალიციური შეთანხმების“  საჭიროებაზე. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია კოალიციის შიგნით „სანდო პარტნიორად“ რჩება. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ყოფილი თავმჯდომარეა, თავის გამოსვლაში ასევე ახსენა კოალიციური მმართველობის კულტურის გაუმჯობესების საჭიროება. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტია შედარებით პატარაა კოალიციაში, თუმცა სხვა წევრებზე არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს.

„მე ამ მაღალი ტრიბუნიდან მინდა განვაცხადო, ვიღაცისთვის შესაძლოა ამბიციური ფრაზა – თუ არა რესპუბლიკური პარტია, მმართველი კოალიცია ვერ შედგებოდა“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button