skip to content
ახალი ამბები

აქციაზე ‘Stop Russia’ მომიტინგეებმა მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკეს



მომიტინგეები მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე Stop Russia, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

18 ივლისს საღამოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე სახელწოდებით ‘Stop Russia’ მომიტინგეებმა გააკრიტიკეს რუსეთის „მცოცავი ოკუპაცია“ და საქართველოს მთავრობის „ლაჩრული“ პოლიტიკა მოსკოვის მიმართ.



სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე Stop Russia მომიტინგეები შეიკრიბნენ, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge   

ამ აქციის ორგანიზატორებს შორის იყვნენ მედია საშუალება „ტაბულა“ და ტელეკომპანია „რუსთავი 2“, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.



მომიტინგეები მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე Stop Russia, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე პოლიციამ სასცენო აღჭურვილობით დატვირთულ მანქანას მთავრობის სახლის სიახლოვეს გაჩერების საშუალება არ მისცა და „ტაბულას“ პროდიუსერი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლექსო მაჭავარიანი დააკავა.



მომიტინგეები მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე Stop Russia, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საპროტესტო აქცია დაახლოებით ერთი კვირის თავზე გაიმართა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები განათავსეს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სიახლოვეს;  ამ ქმედების შედეგად კომპანია BP–ის მართული ბაქო–სუფსის ნავთობსადენის 1 605 მეტრიანი მონაკვეთი თბილისის კონტროლს მიღმა მოექცა.



მთავრობის კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე მომიტინგეს ხელში უკავია ბანერი „Stop ბიძინა“, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

აქციაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა, როგორც ნაციონალური მოძრაობის მომხრე „უსაქმურებისა“ და „გაბოროტებული, დაბოღმილი“ ადამიანების შეკრება,  მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ რუსული რბილი ძალისა და აგრესიის შეკავების ნაცვლად, მთავრობა თავისი პოლიტიკით, პირიქით, ქვეყანაში მოსკოვის გავლენის ზრდას უწყობს ხელს.



პოლიციელები მომიტინგეების ზურგს უკან, რომელთაც ხელში უკავიათ ბანერები წარწერით Stop Russia, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

აქციის მონაწილეების წინაშე გამოსვლისას სალომე სამადაშვილმა, რომელიც 2005-2013 წლებში საქართველოს ელჩი იყო ევროკავშირში, განაცხადა: „დღითიდღე ძლიერდება რუსეთის მიერ დაფინანსებული პოლიტიკური ძალები და ასე თუ გაგრძელდა, საქართველოს კიდევ ერთხელ და შეიძლება სამუდამოდ წაერთვას შანსი, რომ იცხოვროს თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოში; და მინდა ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ“.



პოლიციელები ვითარებას  აკონტროლებენ აქციაზე Stop Russia, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ რუსეთის ქმედებები, მაგრამ დღეს ჩვენ აქ მოვედით კიდევ იმიტომ, რომ კიდევ უფრო მწვავედ გავაპროტექტოდ ჩვენი ხელისუფლების ქმედებები იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების ქმედებები არის ლაჩრული, უტვინო და მოღალატეობრივი“, – განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა.



დემონსტრანტებს მთავრობის ადმინისტრაციის წინ გამართულ აქციაზე Stop Russia პლაკატი უკავიათ ხელში, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვუთხრათ ჩვენს მთავრობას, რომ არ მოგვწონს მათი მავნებლური პოლიტიკა, მოვთხოვოთ მას შეასრულოს მისი უპირველესი მოვალეობა  – დაიცვას ქვეყნის საზღვრები, დაიცვას ჩვენი ქვეყანა რუსული ოკუპაციისგან“, – განაცხადა ნინო დანელიამ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის პროფესორმა აქციაზე გამოსვლისას.



მომიტინგეები სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე Stop Russia, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

მომიტინგეები საქართველოსა და რუსეთს შორის 2012 წლის ბოლოდან დაწყებული იმ ორმხრივი დიალოგის შეწყვეტისკენაც მოუწოდებდნენ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინს შორის იმართება. ამ მოთხოვნას უკვე დიდი ხანია აყენებს ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აცხადებს, რომ ეს ფორმატი ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მცდარ წარმოდგენას ქმნის. კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ ასევე მოუწოდებს დიალოგის ამ ფორმატიდან გამოსვლისკენ, აცხადებს რა, რომ ამ დიალოგმა საკუთარი თავი ამოწურა.



აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი კანცელარიის წინ შეკრებილ მომიტინგეებს მიმართავს, 18 ივლისი, 2015.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„საქართველოს ყველა ხელისუფალმა უნდა შეიგნოს, რომ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა, რუსეთთან სასაუბროდ პირისპირ, მარტო არ უნდა ვიჯდეთ. ეს უთანასწორო საუბარია“, – განაცხადა „ტაბულას“ რედაქტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა აქციაზე გამოსვლისას და აღნიშნა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებში „ჩვენმა მეგობრებმა“ უნდა გაგვიმაგრონ ზურგი, რადგან მოსკოვთან პირდაპირი დიალოგი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა.



მთავრობის კანცელარიის წინ გამართული აქციის მონაწილეები პლაკატით ხელში, 18 ივლისი, 2015.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ყოფილმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა, რომელიც ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივას ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ ორ წელიწადზე მეტია ახლანდელი მთავრობის პირობებში ყველაფერ იმის ნგრევა,  ხორციელდება, რაც წინა წლებში შენდებოდა. „ხდება ჩვენი ევროპული მომავლის განადგურება“, -მიმართა მან მომიტინგეებს.



თბილისში მთავრობის კანცელარიის წინ გამართული აქციის მონაწილე პლაკატით ხელში, 18 ივლისი, 2015.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ნიკა გვარამიამ, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა მიტინგზე გამოსვლის დროს განაცხადა: „ჩვენ აქ მოსულები ვართ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, რომ მთავრობას მივაწვდინოთ ხმა… მოვიდა დრო ძალიან მკვეთრი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადისთვის, რომ საქართველო არ შეეგუება ოკუპაციის გაგრძელებას, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესი გადის იქ, სადაც დღეს მავთულხლართებს ავლებენ. ჩვენ გვჭირდება ამის გახმოვანება საერთაშირისო ასპარეზზე და შიდა პოლიტიკურ დისკურსში და გვჭირდება არა მხოლოდ ენჯეოებისგან, არა მხოლოდ პატრიოტული მედიისგან, არა მხოლოდ ნაციონალურ და ევროინტეგრაციულ ორიენტირებზე მიმართული მედიისგან, არამედ სწორედ მთავრობისგან“.



მთავრობის კანცელარიის წინ გამართული აქციის მონაწილე, 18 ივლისი, 2015.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

აქციის მონაწილეები ასევე მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ მიიღოს კანონი "კოლაბორაციონიზმის" წინააღმდეგ.


აქციის მონაწილეებს ხელში უკავიათ ბარენი წარწერით ხელში „არა კოლაბორაციონიზმს; არა მტერთან თანამშრომლობას“,  18 ივლისი, 2015.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge



მომიტინგე ბარენით ხელში მთავრობის კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე, 18 ივლისი, 2015.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

საპროტესტო აქციის კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ბევრი უსაქმური ადამიანია, რა თქმა უნდა ნაციონალებს საქმე აღარ აქვთ, მათ მხარდამჭერებს. 500 კაცი მოგროვდა. ეს მათი უფლებაა კონსტიტუციური და ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც თვით ნაციონალებსაც კი ვაძლევთ უფლებას და ვიცავთ მათ“.   



მომიტინგეები სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე Stop Russia, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„ეს მათი უფლებაა, რომ ჩაატარონ [აქცია] და მათ მიერ დატოვებულ პრობლემებზე ახლა ისაუბრონ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, „სწორედ ამ ადამიანების დამსახურება არის ის, რომ დღეს ქვეყანაში დამატებით გვყავს 25 000 იძულებით გადაადგილებული პირი, 150-მდე სოფელი დამატებით დაკარგული, ბანერები და ტერიტორიები, რომელზეც ჩვენ დღეს ვსაუბროთ, არის სწორედ ნაციონალური მოძრაობის და მიშა სააკაშვილის „დამსახურება“… ეს არის რეალობა და ამას სჭირდება გაპროტესტება“.   



მომიტინგეები სახელმწიფო კანცელარიის წინ გამართულ აქციაზე Stop Russia, 18 ივლისი, 2015. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

„ჩვენთვის ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. 500 კაცი იქნება თუ 50 კაცი შეუძლიათ შეიკრიბონ და რაც უნდათ ის აპროტესტონ. ჩვენ ავაშენებთ ქვეყანას და ვაშენებთ ქვეყანას და გავუკეთებთ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს უკეთეს მომავალს  –  აი ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია და არა ის 50 გაბოროტებული, დაბოღმილი ადამიანი სად შეიკრიბება და სად არ შეიკრიბება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button