skip to content
ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მთავრობა წყალდიდობის შედეგების შემსუბუქების ღონისძიებებზე მუშაობს



წყალდიდობით დაზარალებული ტერიტორია წყნეთის ქუჩაზე, 18 ივნისი, 2015. ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

თბილისში გასული კვირის ბოლოს მსხვერპლით დასრულებული წყალდიდობის შემდეგ ვერეს ხეობის გასწვრივ უსაფრთხოების გაზრდის მიზნით მთავრობა მთელ რიგ ზომებს განიხილავს, მათ შორის წინასწარი შეტყობინებების მეტეოროლოგიური სისტემების დანერგვისა და მაღალი რისკის ზონებიდან გასახლების გეგმის ჩათვლით, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

„ძალიან დიდი შოკი იყო ყველასთვის“,  – განაცხადა ღარიბაშვილმა პარასკევს საღამოს ტელეკომპანია „იმედის“ თოქ-შოუში წყალდიდობის შესახებ საუბრისას, რომელმაც სულ ცოტა 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა 13-14 ივნისის ღამეს; სამი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

შეაფასა, რომ მომხდარი სტიქია, როგორც ყველაზე უარესი ბოლო 50 წლის განმავლობაში, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არც ამჟამინდელ ხელისუფლებას და ნებისმიერ მის წინამორბედ მთავრობას დედაქალაქში მსგავსი მასშტაბის კრიზისის მართვის გამოცდილება არ ჰქონია. ანალოგიური წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში თბილისში ბოლოს 1961 წელს მოხდა.

მან ეს განცხადება იმ კრიტიკის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომ თითქოს მთავრობამ დააგვიანა რეაგირება სტიქიაზე.  კრიტიკოსების განცხადებით, ხელისუფლებას ის მაინც უნდა მოეხერხებინა, რომ წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერის ჩამოწოლის თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ  საავტომობილო მოძრაობა დაეკეტა ვერეს ხეობაში გამავალ ახალ გზატკეცილზე.

ოფიციალური პირების განცხადებით, ფართომასშტაბიანმა მეწყერმა წყნეთი–ბეთანიის გზაზე, რომელიც 13 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია, ჩახერგა მდინარე ვერეს ხეობა, ხოლო ხანმოკლე დროით შეგუბებულმა მდინარემ გაარღვია ეს ბარიერი, რა დროსაც ხეობაში წყლის დონემ აიწია და ღვარცოფული ნაკადის გავლამ დატბორა ცალკეული ადგილები.

„მე არ მინდა ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე გავაკეთო კომენტარი, მაგრამ მე გეტყვით, რომ როდესაც უკვე ადამიანები იღუპებიან, ამის შემდეგ ძალიან ადვილია დააბრალო ხელისუფლებას მათი გარდაცვალებაც და ყველაფერი… მე მესმის ძალიან კარგად ოპონენტების, ეს მათი ამოცანა არის, რომ ყველაფერი ცუდი დააბრალონ ხელისუფლებას“, – განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

მთავრობამ სპეციალური კომისია ჩამოაყალიბა, რომელშიც შევლენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის მშენებლები და არქიტექტორები, ასევე გეოლოგები, ჰიდროლოგები, ნაპირდაცვითი სპეციალისტები და სამხარაულის ბიუროს ექსპერტები; ეს კომისია წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ვერეს ხეობის საგზაო და სხვა მიმდებარე საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობას სწავლობს, ასევე აღდგენითი სამუშაოების დაგეგმვასა და მის შემდგომ ორგანიზებაზე მუშაობს. 

ყველაზე გადაუდებელ ღონისძიებებს შორის, როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, იქნება „განგაშის სისტემების“ დამონტაჟება ვერეს ხეობის 30–კილომეტრიანი მონაკვეთის გასწვრივ, ასევე 3 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც წყალდიდობისთვის ცხაურის ტიპის კონსტრუქციების მოწყობას ითვალისწინებს მდინარის ზოგიერთ მონაკვეთზე.

მისი თქმით, ასევე დამონტაჟდება ნალექის გაზომვის სისტემა.     



ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოს გაწმენდისას მუშა ისვენებს, 19 ივნისი, 2015. ქარხნის მფლობელები აცხადებენ, რომ წყალდიდობამ მათ კომპანიას 3 მილიონ ლარამდე ზარალი მიაყენა. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

კომისია ასევე იმუშავებს განსახლების გეგმის შემუშავებაზე, რომელიც ითვალისწინებს იმ ოჯახების გადასახლებას, რომელთა სახლებიც რისკის ზონაში მდებარეობს და რომლებიც ყველაზე მეტად მოწყვლადები არიან მდინარე ვერეს ადიდების შემთხვევაში.

ბოლო 20 წლის განმავლობაში წარმართულმა ქაოტური მშენებლობების პროცესმა მდინარე ვერეს ჭალა დასახლებულ ადგილად გადააქცია.

მათ შორისაა სვანიძის ქუჩა ვაკეში, სადაც წყალდიდობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ეს პირველი ადგილი იყო თბილისში, რომელიც წყალდიდობით დაზარალდა, სანამ ღვარცოფული ნაკადი მაგისტრალისკენ წამოვიდოდა და მზიურის პარკს, ზოოპარკს, გმირთა მოედანსა და მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაწილს დატბორავდა. 

პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ  გეგმა იმ ადგილებსაც მოიცავს, სადაც სახლების მშენებლობა აიკრძალება.

სულ 106 ოჯახს დაუზიანა სახლი სტიქიამ; 25 მათგანს ახალი საცხოვრებელი დასჭირდება, ვინაიდან წყალდიდობამ ან მთლიანად, ან ნაწილობრივ გაანადგურა მათი სახლები.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩება სახლის გარეშე და მათ სანერვიულო არაფერი აქვთ.

თბილისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებულების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის ევროკავშირი 3 მილიონ ევრომდე თანხას გამოყოფს.

სახელმწიფო კომისია ასევე განიხილავს იმ მაგისტრალის ბედს, რომელიც თამარაშვილის ქუჩას გმირთა მოედანს უკავშირებს და რომლის ცალკეული მონაკვეთებიც წყალდიდობამ სერიოზულად დააზიანა.



თამარაშვილის ქუჩის გმირთა მოედანთან დამაკავშირებელი გზატკეცილი; წყალდიდობის მსხვერპლთა იმპროვიზირებულ მემორიალთან ყვავილები მიაქვთ, 19 ივნისი, 2015.  ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge

ეს სამშენებლო პროექტი ხუთი წლის წინ დავის საგანს წარმოადგენდა, რადგანაც კრიტიკოსები აფრთხილებდნენ მაშინ, რომ ის არასწორად დაიგეგმა. იმის მიუხედავად, რომ სტიქიის მიზეზი არ ყოფილა, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, ისევე როგორც ზოგიერთი სპეციალისტი ვარაუდობენ, რომ წყალდიდობა იმ მასშტაბის დატბორვას არ გამოიწვევდა, მდინარე ვერეს კალაპოტი რომ წინა ხელისუფლების დროს აშენებული გზის გამო არ შევიწროვებულიყო, მათ შორის მისი დამატებით გვირაბებში მოქცევის ფორმით.  მშენებლობის წინ გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ განხორციელებულა.

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მაშინ ასევე არსებობდა მაგისტრალის ალტერნატიული პროექტი, რომელიც „უფრო უსაფრთხო“ იყო, თუმცა მისი ღირებულება 140 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც აღემატებოდა იმ 80 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს,  რომლის საფუძველზეც მაგისტრალი აშენდა.

მან ასევე განაცხადა, რომ მართალია საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღებია, მაგრამ მთავრობას არსებული გზის აღდგენა მოუწევს, სანამ გრძელვდიანი გამოსავალი გამოინახება მისი რეკონსტრუქციის თაობაზე.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს მაგისტრალი არ აღდგება, ისედაც გადატვირთული მოძრაობა თბილისის ცენტრალურ ქუჩებს  კიდევ უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.



ამირეჯიბის გზატკეცილის ერთ–ერთი დაზიანებული მონაკვეთი, 14 ივნისი, 2015. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

სტიქიით მიყენებული ზარალი 100 მილიონ ლარს აჭარბებს, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა 19 ივნისს.

ამ ეტაპზე 10 მილიონი ლარი გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან და 7.5 მილიონი ლარი შეგროვდა ბიზნეს სექტორის და მოქალაქეების შემოწირულობებით, განაცხადა ხადურმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ძალისხმევა დაფინანსების მოძიებისკენ არის მიმართული, მათ შორის სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებიდან შეღავათიანი სესხების მისაღებად.

ექს–პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა 18 ივნისს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისთვის საჭირო ფინანსურ რესურსს ვერ მოუყრის თავს,  დანაკლისს თავად შეავსებს და ასევე დაეხმარება ზოოპარკის სხვა ტერიტორიაზე განაშენიანებას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button