skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ჩააგდო ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი ‘ანექსიის მცდელობაზე’

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ 36 ხმით 33-ის წინააღმდეგ ჩააგდო ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული რეზოლუციის პროექტი „ოკუპირებული აფხაზეთისა  და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირების მცდელობის   შესახებ“.

პროექტის ინიცირება ნაციონალურმა მოძრაობამ მანამდე მოახდინა, ვიდრე მოსკოვი სეპარატისტულ აფხაზეთთან  24 ნოემბერს ხელს მოაწერდა „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ ახალ ხელშეკრულებას, რომელსაც თბილისი „ანექსიის მცდელობად“ აფასებს; თუმცა პარლამენტმა ეს პროექტი 28 ნოემბრის პლენარულ სხდომაზე გაიტანა განსახილველად. განხილვას წინ უძღოდა საპარლამენტო ჯგუფებს შორის კონსულტაციები, რათა ამ საკითხზე პარლამენტის კონსოლიდირებული პოზიცია შემუშავებულიყო, რაც უშედეგოდ დასრულდა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება ვერ შევძელით“, – განაცხადა ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ, რომელიც ასევე აქტიურად იყო ჩართული კონსულტაციებში.

ნაციონალური მოძრაობის პროექტი სხვა საკითხებთან ერთად მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, რომ გაეუქმებინა „კარასინ-აბაშიძის“ არაფორმალური მოლაპარაკებათა ფორმატი, რომელმაც „არათუ ვერ შეაკავა რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, არამედ ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის საკითხის საერთაშორისო აქტუალობის დაქვეითებას“ და ასევე მოუწოდებდა იმ საერთაშორისო სანქციებთან შეერთებისკენ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ უკრაინასთან დაკავშირებით არის შემოღებული.

პროექტის სწორედ ეს ორი პუნქტი დაასახელა ქართული ოცნების უმრავლესობამ იმის მიზეზად, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას. 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ქართული ოცნებიდან ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ მისმა კომიტეტმა ნაციონალური მოძრაობის მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი არც უარყოფითად შეაფასა, რადგან ეთანხმება მის „პათოსს“, თუმცა არც მხარი დაუჭირა მას, ვინაიდან არ იზიარებს მოწოდებებს აბაშიძე-კარასინის „საკომუნიკაციო არხის“ მოშლის თაობაზე, რაც ამ ეტაპზე  „არაკონსტრუქციული და არამომგებიანია საქართველოსთვის“ და არც რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებთან მიერთებას ეთანხმება.

კვაჭანტირაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ თავი შეიკავა განსახილველად წარმოედგინა რეზოლუციის პროექტის ალტერნატიული ვარიანტი, რადგან სურს, რომ ანექსიის მცდელობასთან დაკავშირებით მისაღები დოკუმენტი ინიცირებული იყოს არა რომელიმე პარტიის მიერ, არამედ გამოხატავდეს პარლამენტის კონსოლიდირებულ პოზიციას. მან ამ პოზიციის შესამუშავებლად დახურული საკომიტეტო მოსმენის მოწყობისკენ მოუწოდა, რათა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული „რეალური“ ინფორმაციის საფუძველზე მომზადდეს პროექტის კომპრომისული ვარიანტი.

ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომლის განხილვის პროცესში დეპუტატები ქართული ოცნების უმრავლესობიდან ფაქტიურად არ ჩართულან, ასევე მოუწოდებდა საქართველოს მთავრობას, რომ გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება „უმოკლეს დროში“ გაეროს უშიშროების საბჭოს მოსაწვევად; მიმართოს ძალისხმევა, რათა რუსეთის საოკუპაციო ჯარების გაყვანისა და მათ მიერვე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრის საკითხებმა  მაქსიმალურად პრიორიტეტული ადგილი დაიკავოს საერთაშორისო და დასავლეთ-რუსეთის ორმხრივ პოლიტიკურ დღის წესრიგში და ასევე ეს თემა ფიგურირებდეს რუსეთის მიმართ უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო წაყენებულ მოთხოვნათა შორის; მოახდინოს რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში „არსებული საქმეების აღძვრის ეფექტური წარმართვა პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლის მომზადება“; „გამოიყენოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის ბერკეტები და ინსტრუმენტები, რისთვისაც, პირველ რიგში, აუცილებელია რუსეთსა და საქართველოს შორის 2011 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების ამოქმედება,  რომელიც დღემდე არაა იმპლემენტირებული, მათ შორის, საქართველოს მთავრობის პასიურობის გამო“; შეიმუშავოს კომპლექსური ანტიანექსიური სტრატეგია. 

ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული ანალოგიური რეზოლუციის პროექტი ერთხელ უკვე ჩააგდო უმრავლესობამ პარლამენტში და სანაცვლოდ 17 ოქტომბერს მიიღო განცხადება, სადაც დაგმო რუსეთის „მცდელობა მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button