skip to content
ახალი ამბები

თედო ჯაფარიძემ მოსკოვთან პრაღის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის ჩაშლისკენ მოუწოდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ქართული ოცნებიდან თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ თბილისმა უარი უნდა თქვას მოსკოვთან არაფორმალური დიალოგის პრაღის მორიგ რაუნდში მონაწილეობაზე იმ ხელშეკრულების პროექტის გასაპროტესტებლად, რომელიც კრემლმა სეპარატისტულ აფხაზეთს შესთავაზა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაემგზავრა, სადაც ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება იმ ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, რომელსაც 2012 წლის ბოლოს ჩაეყარა საფუძველი, ძირითადად, ვაჭრობასა და ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

დეპუტატმა თედო ჯაფარიძემ, რომელიც შვეიცარიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის სხდომაში მონაწილეობისთვის იმყოფება, განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს 14 ოქტომბერს, რომ რუსეთის მიერ შემოთავაზებული ხელშეკრულების პროექტი აქცენტს „ღია ანექსიაზე“ აკეთებს და „ლაპარაკია პირდაპირ ანექსიაზე, უნდათ ეს აფხაზებს, თუ არა“.

„ამგვარ სიტუაციაში, მე პირადად ვურჩევდი ჩემ კოლეგებს, რომ თავი შეიკავონ ამ რაუნდში მონაწილეობისგან“, – განაცხადა ჯაფარიძემ, „მე რომ ვიყო ქართული მხარე, დავფიქრდებოდი, რამდენად შესაძლებელი, მისაღები იქნებოდა ჩვენთვის ამ რაუნდის ჩატარება; მე ამგვარ გადაწყვეტილებაზე ვიფიქრებდი და მივიღებდი [ამ გადაწყვეტილებას]“.     

კარასინთან შესახვედრად პრაღაში გამგზავრებამდე აბაშიძემ თედო ჯაფარიძის განცხადებაზე  „რუსთავი 2“–თან 14 ოქტომბერს მოკლე კომენტარი გააკეთა: „ჩემს ძველ მეგობარს, ბატონ თედოს, ჩემთვის რომ დაერეკა, მე მას მოვუყვებოდი და ავუხსნიდი, თუ რატომ მივდივარ და რისთვის მივდივარ“.

„ეტყობა, ცოტა მუხრუჭებმა უღალატა. შეიძლება ცოტა ასაკობრივიც არის ეს ამბავი, რას იზამ“, – განაცხადა აბაშიძემ, რომელსაც მხედველობაში 68 წლის თედო ჯაფარიძე ჰყავდა.

მსგავსი/Related

Back to top button