skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთის პარლამენტმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

სეპარატისტული აფხაზეთის პარლამენტმა 31 მაისს რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამია, რომ აფხაზეთის ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს „არ შეუძლია“ პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება და ამიტომ  24 აგვისტოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ინიშნება.

იმავე რეზოლუციით სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანომ „პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მოვალეობები“ პარლამენტის სპიკერს ვალერი ბგანბას დააკისრა.

35–წევრიან საკანონმდებლო ორგანოში დამსწრე 25 დეპუტატიდან 24–მა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ შაბათს საღამოს; ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

სეპარატისტული აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის სპიკერი მესამეა იერარქიაში, ვისაც პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შესრულება შეუძლია ვიცე–პრეზიდენტის და პრემიერ–მინისტრის შემდეგ.    

ვიცე–პრეზიდენტის პოსტი დეკემბრიდან ვაკანტურია მას შემდეგ, რაც მიხაილ ლოგუამ თანამდებობა დატოვა. პარლამენტმა პრემიერ–მინისტრ ლეონიდ ლაკერბაიას, რომელიც ანქვაბის მოკავშირეა, უნდობლობა 29 მაისს გამოუცხადა; მაგრამ ანქვაბმა ეს გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა.

პარლამენტმა განაცხადა, რომ 31 მაისის რეზოლუცია მიზნად ისახავს „მწვავე შიდა პოლიტიკური კრიზისის“ დაძლევას.

ალექსანდრე ანქვაბს დაუყონებლივ რეაგირება არ მოუხდენია. ოპოზიცია, რომელსაც 27 მაისის შემდეგ კვლავ დაკავებული აქვს პრეზიდენტის რეზიდენცია, ანქვაბის გადადგომას ითხოვს. ანქვაბმა განაცხადა 30 მაისს, რომ ის მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ დასძინა, რომ ის „ულტიმატუმის“ სახით დაყენებულ მოთხოვნებს არ განიხილავს.

მანამდე 31 მაისს სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ მთავრობის სხდომას უხელმძღვანელა, რომელიც სოხუმში სამთავრობო აგარაკზე გაიმართა და არა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში.

„ქვეყანაში არ არის მარტივი ვითარება“, – იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ ლაკერბაიას სიტყვებზე დაყრდნობით, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ სამინისტროებმა ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძონ მუშაობა შეფერხებების გარეშე.

სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ განაცხადა, რომ „კრიმინოგენული ვითარება სტაბილურია… და საერთო ჯამში, სიტუაცია კონტროლდება“ ამ თვალსაზრისით.

რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ ის ტელეფონით ესაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს, რომელმაც ჩირიკბას თქმით, გამოთქვა რწმენა, რომ აფხაზი ხალხი უახლოეს მომავალში შეძლებს კრიზისის გადალახვას. მან ასევე განაცხადა, რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. „ჩვენ დელეგაციებსაც კი ვიღებთ და ვაჩვენებთ მთელს მსოფლიოს, რომ აფხაზეთი განაგრძობს ფუნქციონირებას, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო“, – იტყობინებოდა „აფსნიპრესი“ ჩირიკბას სიტყვებზე დაყრდნობით. 

მსგავსი/Related

Back to top button