
ახალი ამბები
ბესლან ეშბა
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი
ზოგადი ინფორმაცია
- ბესლან ეშბა დაიბადა 1967 წლის 23 დეკემბერს. ოფიციალურ ბიოგრაფიაში დაბადების ადგილი მითითებული არ არის.
- 1985 წელს დაამთავრა ქალაქ სოხუმის, ნესტორ ლაკობას სახელობის მე-10 საშუალო სკოლა, ხოლო 1992 წელს, საქართველოს სოფლის მეურნეობის ინსტიტუტი (ქ. სოხუმში) ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით.
- 1998 წელს დაამთავრა სოხუმის ბიზნეს-სკოლა.
- 2008 წელს მოსკოვის საატესტაციო კომისიამ ბესლან ეშბას ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი მიანიჭა.
- ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
სამხედრო კარიერა
- 1986-1988 წლებში ბესლან ეშბა მსახურობდა საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში.
- 1992-1993 წლებში, აფხაზეთის ომის დროს, იყო აფხაზეთის დე ფაქტო სახელისუფლებო ორგანოების დაცვის სამსახურის წევრი.
- საბრძოლო მოქმედებების შემდეგ დაინიშნა სოხუმის ბატალიონის მეთაურის მოადგილედ.
- 2006 წელს იყო სოხუმის 4-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილე.
ეკონომიკური საქმიანობა
- ბესლან ეშბა არის მსხვილი აფხაზი ბიზნესმენი.
- ბესლან ეშბას ბიზნეს-კარიერა 1999 წლიდან იწყება, როდესაც იგი სახელმწიფო კომპანიად წოდებული „АБХАЗТОП“-ის გენერალური დირექტორად დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობა მას 2005 წლამდე ეკავა.
- სხვადასხვა დროს იგი იყო ფიჭური კომპანია „აკვაფონ-GSM”-ის დირექტორთა საბჭოს წევრი (2005 წლიდან), კომპანია „ინტერჰაივეის“ პრეზიდენტი (23/06/2005 – 11/09/2005), კომპანია „აფხაზეთის ნავთობპროდუქტების“ გენერალური დირექტორი (12/09/2005 – 29/08/2010), „აფხაზეთის სამთო-სამრეწველო კომპანიის“ გენერალური დირექტორი (06/07/2006 – 29/09/2010), „უნივერსალ ბანკის“ საბჭოს თავმჯდომარე (31/08/2007 – 01/03/2012). ასევე 2005 – 2008 წლებში ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი მოძრაობა „საქმიანი რუსეთის“ აფხაზეთის განყოფილებას.
პოლიტიკური საქმიანობა
- 1994 წელს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ვლადისლავ არძიმბამ ბესლან ეშბა „აფხაზეთის აღორძინების ფონდის“ მმართველად დანიშნა, რომელიც მოსკოვიდან აფხაზეთში ჰუმანიტარული ტვირთების ჩამოტანით იყო დაკავებული.
- 1996 წლის 2 თებერვლიდან 1999 წლის 26 თებერვლამდე ეშბა ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ფუნქციას ასრულებდა.
- 2010 წლის 24 აგვისტოდან 2011 წლის 20 სექტემბრამდე იგი პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას თანაშემწე იყო და ისრაელელ ბიზნესმენებთან კონტაქტების დამყარებას კურირებდა.
- 2011 წლის აპრილში ბესლან ეშბა სხვა აფხაზ ჩინოვნიკებთან ერთად ისრაელში ჩავიდა და ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა. 2011 წლის 13-14 აპრილს, ეშბას ორგანიზებით, განხორციელდა ისრაელში არსებული ჰოლდინგის, „Global CST“-ის დამფუძნებლების, ისრაელის გენერალური შტაბის ოპერატიული მართვის ყოფილი უფროსის, ისრაელ ზივის და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნათანიაჰუს ყოფილი სამხედრო მრჩევლის, მეირ კლიფის შეხვედრა სერგეი ბაღაფშთან მოსკოვში და შემდგომ მათი გახმაურებული ვიზიტი სოხუმში, სადაც ისინი პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას და ბესლან ეშბას შეხვდნენ. აღნიშნულ კონტაქტებს ოფიციალური თბილისის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
- 2012 წლის 6 მაისს ბესლან ეშბამ, რომლის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფმა წამოაყენა, სოხუმის #1-ლი საარჩევნო ოლქის განმეორებით არჩევნებში გაიმარჯვა (56.81%) და დეპუტატი გახდა.
- 2013 წლის 30 აპრილს ფახაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის გადაწყვეტილებით, იგი აფხაზეთის ვიცე-პრემიერად დაინიშნა.