ახალი ამბები

ინდირა ვარდანია

აფხაზეთის დე ფაქტო პირველი ვიცე-პრემიერი

ზოგადი ინფორმაცია

  • ინდირა ვარდანია დაიბადა 1962 წლის 4 ნოემბერს, ქ. გუდაუთაში.
  • ადგილობრივი საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1979 წელს ჩააბარა საბჭოთა კავშირის ცენტრალური კომიტეტის კომკავშირის უმაღლეს სკოლაში ისტორიისა და კომუნისტური აღზრდის ფაკულტეტზე, რომელიც 1983 წელს ისტორიისა და საზოგადოებათმცოდნეობის მასწავლებლის სპეციალობით დაამთავრა.

პროფესიული კარიერა

  • 1993-1995 წლებში ინდირა ვარდანია აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა საბჭოში სახელმწიფო მრჩევლად მუშაობდა, ხოლო 1995-2002 წლებში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის რეფერანტი და უფროსი რეფერენტი იყო. 2002-2005 წლებში ასევე დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტში საბიუჯეტო ჰუმანიტარული ორგანიზაციების განყოფილებას ხელმძღვანელობდა. მის საკურატოროს წარმოადგენდა განათლების, მეცნიერების, კულტურის, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროები.
  • 2005 წლის 10 მარტიდან 2011 წლის ოქტომბრამდე ინდირა ვარდანია აფხაზეთის დე ფაქტო განათლების მინისტრი იყო. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში საზოგადოების მხრიდან იგი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი.
  • 2011 წლის 10 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის ბრძანებით, ინდირა ვარდანია აფხაზეთის დე ფაქტო პირველ ვიცე-პრემიერად დაინიშნა.
  • აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის ლეონიდ ლაკერბაიას მიერ 2011 წლის 28 ოქტომბერს დამტკიცებული განკარგულების თანახმად, რომელიც პრემიერსა და ვიცე-პრემიერებს შორის ფუნქციათა განაწილებას ადგენს, ინდირა ვარდანიას საკურატოროდ შემდეგი საკითხები განისაზღვრა: აფხაზური ენა, მეცნიერება, რეპატრიაცია, განათლება, კულტურა, სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, ფარმაცევტული საქმიანობა, მასმედია, შემოქმედებითი გაერთიანებები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. შესაბამისად, მისდამი დაქვემდებარებული უწყებებია განათლების, კულტურის, შრომის და სოციალური განვითარების, ჯანდაცვის სამინისტროები და ის „სახელმწიფო კომიტეტები“, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ სფეროებს მოიცავს; ასევე, აფხაზეთის „სახელმწიფო ტელევიზია“ და საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესი“.
  • ინდირა ვარდანიას პირველ ვიცე-პრემიერად დანიშვნა აფხაზური საზოგადოებისა და პრესისათვის მოულოდნელობას წარმოადგენდა და მას არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ცნობილმა აფხაზმა ჟურნალისტმა ვიტალი შარიამ მისი სწრაფი კარიერული აღმასვლა წლის ფურორადაც კი მონათლა და მინისტრების ვირტუალურ ნომინაციაში ინდირა ვარდანიას „მის ფურორის“ წოდება მიანიჭა. 
Back to top button