skip to content
ახალი ამბები

ობამა მარგველაშვილს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის წინ გავრცელებულ წერილობით განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ქართველ ხალხს მიულოცა და ასევე აღნიშნა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების „გაძლიერების“ საქმეში პრეზიდენტ სააკაშვილისა და პრემიერ მინისტრ ივანიშვილის როლი.

„ამერიკელი ხალხის სახელით ვულოცავ ქართველ ხალხს ზეიმობენ რა ისინი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას და აღნიშნავენ რა პრეზიდენტის პოსტის მშვიდობიანი, დემოკრატული არჩევნების გზით პირველად გადაცემას. მისი ინაუგურაციის დღეს ასევე გულთბილად ვულოცავ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს,“ ნათქვამია განცხადებაში.

„ამ დღემდე გზის გავლაში, ბოლო ოცი წლის მანძილზე თავისი წვლილი მრავალმა გამორჩეულმა პოლიტიკურმა ლიდერმა შეიტანა, მათ შორის წარმავალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რომლებმაც, სამოქალაქო საზოგადოებასა და ქართველ ხალხთან ერთად, საციცოხლო როლი ითამაშეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში.“

„ჩვენ ვაფასებთ რასაც ამ ორმა ლიდერმა მიაღწია თავიანთ თანამდებობებზე მოღვაწეობის დროს და მოველით ვიმუშაოთ მათ შემცვლელებთან რათა გავაგრძელოთ ძლიერი და ღრმა კავშირები რომელიც აშშ-სა და საქართველოს გააჩნიათ ბოლო ოცი წლის განმავლობაში.“

„საქართველო მნიშვნელოვან პროგრესს განიცდის დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის კუთხით, მათ შორის ‘ღია მმართველობის პარტნიორობის’ ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებებისა და საჯარო ცხოვრებაში ქალთა როლის წახალისების გზით; [საქართველო] ასევე წინ მიიწევს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების შესრულების გზაზე,“ ნათქვამია ობამას განცხადებაში.

„ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ტრანზიციის დროს, მოვუწოდებ საქართველოში ყველა პოლიტიკურ ლიდერს იმუშაონ ერთად და განაგრძონ მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან რათა განავითარონ უკვე არსებული მიღწევები,“ ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button