skip to content
ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი არჩევნებზე მაღალი აქტივობისკენ მოუწოდებს

 პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის სატელევიზიო მიმართვაში საქართველოს ამომრჩევლებს ქვეყნის შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ 27 ოქტომბერს საარჩევნო უბნებში მისვლისკენ და მათთვის „სასურველი“ პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„სახელმწიფოს შენება და განვითარება ქვეყნის ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა და ეს პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, სწორედ არჩევნებზე უნდა ვიტვირთოთ. არჩევნები გვაძლევს შანსს და გვაკისრებს ვალდებულებას, გავლენა მოვახდინოთ იმაზე, თუ რა გზით წავა ქვეყანა, და ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, მოდით არჩევნებზე და ხმა  მიეცით თქვენთვის სასურველ კანდიდატს“, – განაცხადა მან.

„მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებსაც ხმის მიცემა უცხოეთში უწევთ – არ დაიზაროთ, მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში, იცოდეთ, თითოეული თქვენი ხმა ძვირფასია საქართველოსთვის“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

თავის მიმართვაში მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ „ხელისუფლებამ იკისრა ვალდებულება ჩაატაროს თავისუფალი, გამჭვირვალე, დემოკრატიული, ევროპული სტანდარტების არჩევნები“.

„ჩვენ ამ არჩევნებამდე მშვიდობიანად მოვედით, და ეს  ხალხის, ქვეყნის  გამარჯვებაა“, – განაცხადა მან და ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების გზით შეიცვლება.

25 ოქტომბერს ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა 11-კვირიანი საარჩევნო კამპანიის დასრულება აღნიშნა. პარასკევს საღამოს ის პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან ერთად მივიდა ღია ცის ქვეშ თბილისში გამართულ ბერა ივანიშვილის კონცერტზე. მარგველაშვილმაც და ივანიშვილმაც სიტყვით მიმართეს კონცერტზე მისულ მსმენელებს.

ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ასევე 25 ოქტომბერს დაასრულა თავისი კამპანია ყვარელში, სადაც შემაჯამებელი სიტყვით მიმართა ილია ჭავჭავაძის მუზეუმის ეზოში შეკრებილ მხარდამჭერებს. მან ქართული ოცნების „შეუსრულებელ“ დაპირებებსა და მთავრობაზე მკაცრი კონტროლის დაწესების საჭიროებაზე ისაუბრა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button