skip to content
ახალი ამბები

‘მცოცავი ოკუპაციის’ წინააღმდეგ დვანში აქციები გაიმართა

კვირას ზედიზედ მეორე დღე სოფელ დვანში საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფელში თბილისიდან ჩავიდნენ, დაგმეს „მცოცავი ოკუპაცია“ იმ ფონზე, როდესაც რუსი სამხედროები ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესს განაგრძობენ.

აქციის ზოგიერთი მონაწილე საქართველოს ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ისინი, როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, საკმარისად არ მოქმედებენ გამყოფი ხაზის საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევის აღსაკვეთად.

ერთი დღით ადრე, სოფელს ჟურნალისტების ჯგუფიც სტუმრობდა, რომელთაც აქცია გამართეს იმ ტერიტორიის მახლობლად, სადაც რუსი სამხედროები ღობეებს აგებენ.

ქართველი ჟურნალისტების დვანში სტუმრობამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 27 სექტემბერს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო დაგეგმილი აქცია და მას თბილისის მიერ „სასაზღვრო რაიონებში დაძაბულობის უპასუხისმგებლო გაღვივების გაგრძელება“ უწოდა.

განცხადების თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 27 სექტემბერს ამ საკითხზე ტელეფონით ესაუბრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიის საკითხებში ფილიპ ლეფორს.

„კარასინმა მოუწოდა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებს ძალ–ღონე არ დაიშურონ საქართველოს ხელისუფლების ამ ახალი სახიფათო ჩანაფიქრის აღსაკვეთად. მნიშვნელოვანია, რომ არ იქნას დაშვებული რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის დამღუპველი შედეგები, რაზეც სრული პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს დაეკისრებათ“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

ეს უკვე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეორე განცხადებაა ამ საკითხზე ერთი კვირის მანძილზე. რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა 23 სექტემბერს, რომ  კარასინი ლეფორს ესაუბრა ტელეფონით, რომლის დროსაც „სპეციალური წარმომადგენლის ყურადღება იქნა მიპყრობილი თბილისის გაძლიერებულ პროვოკაციულ აქტიურობაზე სამხრეთ ოსეთთან საზღვრის მიდამოებში. მაშინ რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველო „პროპაგანდისტული ისტერიის ატეხვაში“ დაადანაშაულა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა 28 სექტემბერს, რომ „დაძაბულობა ყველაზე ძალიან არ აწყობს საქართველოს“.

„რუსეთი დაინტერესებულია, რომ პროვოკაციას ავყვეთ და ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად ეცადონ, რომ არ აყვნენ პროვოკაციას, რაც რუსეთის ინტერესებშია“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რუსეთი მავთულხლართებს მაშინ ავლებს, როდესაც დაძაბულობის გაღვივება სურს. მისი თქმით, საქართველოს შეშფოთება ამ საკითხზე არ უნდა გადაიზარდოს ისეთ რამეში, რასაც შემდეგ რუსეთი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button