skip to content
ახალი ამბები

აბაშიძე კარასინს პრაღაში შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე პრაღაში გაემგზავრა, სადაც 19 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდება.

ეს მეოთხე ასეთი შეხვედრა იქნება ორ დიპლომატს შორის იმ ფორმატის ფარგლებში, რომელსაც გასული წლის დეკემბერში ჩაეყარა საფუძველი და რომელიც ვაჭრობასთან, ეკონომიკასთან, ორმხრივი ურთიერთობების ჰუმანიტარულ და კულტურულ ასპექტებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ისახავს მიზნად.

გამგზავრებამდე აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინთან ივნისის დასაწყისში გამართული შეხვედრის მსგავსად, ახლაც მოლაპარაკებებს წინ უძღვის „დაძაბულობა“ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართებით ღობეების აღმართვას უკავშირდება.  მისი თქმით, რთულია დაიჯერო, რომ ეს დამთხვევაა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო შეხვედრების წინ ასე იძაბება ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე ცხინვალის რეგიონთან. იქ ყოველთვის რთული ვითარებაა, მაგრამ განსაკუთრებით ასე ხაზგასმით ყოველი ჩვენი შეხვედრის წინ ხდება და ძალიან რთულია დაიჯერო, რომ ეს სპეციალურად არ ხდება“, –  განაცხადა აბაშიძემ.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიის და ცენტრალური აზიის საკითხებში ჯეიმს აპატურაიმ შეშფოთება გამოხატა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ღობეების აღმართვის განახლების გამო.

18 სექტემბერს თავის Facebook-ის გვერდზე მან დაწერა: „შეშფოთებული ვარ იმ ინფორმაციის გამო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებმა საქართველოში განაახლეს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან ღობეების აღმართვა. ეს არღვევს შეთანხმებას და კიდევ უფრო ართულებს პოლიტიკურ წინსვლას. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აცხადებს, ყველა მხარემ თავშეკავება უნდა გამოიჩინოს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 16 სექტემბერს აბაშიძის და კარასინის მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომ არაფორმალური დიალოგი უნდა გაგრძელდეს იმ საკითხებზე, რომლებზეც პროგრესია შესაძლებელი ორ ქვეყანას  შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რაც გულისხმობს თანამშრომლობას ვაჭრობის, ტრანსპორტის, კულტურის და ჯანდაცვის სფეროებში.

„იგეგმება ასევე აზრთა გაცვლა საქართველოს პრეზიდენტის 27 ოქტომბრის მოახლოებული არჩევნების შემდგომ რუსულ-ქართული ურთიერთობების პერსპექტივებზე“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button