skip to content
ახალი ამბები

გუნავა პრეზიდენტის შეწყალების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა

სამეგრელო–ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავა 30 ივლისს გვიან ღამით პატიმრობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის შეიწყალა.

გუნავა 12 ივლისს სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც  თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების ორ ეპიზოდში და ოთხწლიანი პატიმრობა შეუფარდა. იმ დროს გუნავა სამეგრელო–ზემო სვანეთის გუბერნატორი იყო.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუნავას შეწყალების შესახებ განკარგულევბა 30 ივლისს გამოსცა.

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც იქნება ეჭვმიტანილი ადამიანის უფლებების დარღვევაში, წამებაში, ცემაში და ბევრად უფრო მეტ საშინელებებში, ვერასოდეს ვერ მიიღებს საპრეზიდენტო შეწყალებას, რომელიც პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს“, – განაცხადა სააკაშვილმა 30 ივლისს და დასძინა, რომ შეწყალებული იქნებიან „ის იდეალისტები, რომლებიც აშენებდნენ ქართულ სახელმწიფოს და რომლებიც ისჯებიან მხოლოდ იმისათვის, რომ არაფერი სახლში არ წაუღიათ“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ გუნავა შეთითხნილი ბრალდებებით დააკავეს. მან ასევე განაცხადა, რომ გუნავამ, როდესაც ის სამეგრელოს რეგიონის პოლიციის უფროსი იყო, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს „ასობით მილიონი ლარის ქონება გადაარჩინა“ სენაკის ბაზაზე „სიცოცხლის რისკის ფასად“. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გუნავამ სამეგრელოს რეგიონში „კრიმინალი აღმოფხვრა“.

„რა თქმა უნდა, გუნავას გავუშვებთ და, რა თქმა უნდა, შეწყალების აქტს ხელს მოვაწერ“, – განაცხადა სააკაშვილმა პოლონეთის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის „უფლებები და სამართლიანობა“ თავმჯდომარესთან, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იაროსლავ კაჩინსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას.

გუნავამ პირველად საზოგადოების ყურადღება 2012 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მიიპყრო, როდესაც ის იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის დააკავეს; 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შედეგად გათავისუფლების შემდეგ, მან განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ ბრალდებები გამოგონილი იყო, რადგან მას იარაღი და ნარკოტიკები ჩაუდეს. დეკემბრის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გუნავას დაკავებასთან დაკავშირებით ხუთი თანამშრომელი იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან და გუნავას წინააღმდეგ ამ საქმეზე გამოძიება აღარ გაგრძელებულა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ პოლიციის მიერ გუნავას ჩხრეკის და დაპატიმრების დროს დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

2012 წლის ნოემბრის ბოლოს გუნავა ისევ დაააპტიმრეს ცალკე საქმესთან დაკავშირებით, რომელიც მისი შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსად მუშაობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებითა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი 3000 ლიტრი ბენზინის და 49 500 ლარის მითვისებას უკავშირდება. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ თენგიზ გუნავა გაამართლა და უდანაშაულოდ ცნო მესამე ეპიზოდში, რომელშიც მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენებაში ედებოდა ბრალი. მაშინ გუნავა გირაოთი გაათავისუფლეს.

12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლო დამნაშავედ ცნო მითვისების ბრალდებაში, თუმცა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება მოუხსნა.

30 ივლისს გათავისუფლების შემდეგ, გუნავამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ სააკაშვილს მხარდაჭერისთვის. იმ მხარდამჭერებს შორის, რომლებიც მას ციხესთან დახვდნენ, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებიც იყვნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button