ახალი ამბები

შსს–მ ცრუ შეტყობინების ბრალდებით მამაკაცი დააკავა

სამართალდამცავებმა ქუთაისში მცხოვრები 71 წლის მამაკაცი ცრუ შეტყობინების ბრალდებით დააკავეს, რომელმაც 15:00 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში დარეკა და განაცხადა, რომ პარლამენტის შენობა აფეთქდებოდა, რასაც შედეგად სხდომის შეწყვეტა და შენობიდან ევაკუაცია მოყვა, განაცხადა შსს-მ.

სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა შენობიდან დეპუტატებისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს და ამკრძალავი ლენტით შემოსაზღვრეს პერიმეტრი. ადგილზე შსს-ს გამნაღმველთა სამსახურისა და კინოლოგების დაახლოებით ერთსაათიანი მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა სხდომის შეწყვეტამდე, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობდა და რაიმე აფეთქების შანსი სამართალდამცავთა შეფასებით მინიმალური იყო. უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტი იძულებით შეწყვეტილ პლენარულ სხდომას შაბათს გააგრძელებს დღის წესრიგში დარჩენილი საკითხების მისაღებად.

Back to top button