skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ’2 მილიარდი დოლარი აქვს პუტინს მიცემული ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის’

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის ბიძინა ივანიშვილისთვი 2 მილიარდი აშშ დოლარი აქვს მიცემული და მისგან დათმობებს ელის, პირველ რიგში „საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მინიმუმ სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური განადგურების“ სახით.

მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ურთიერთობებზე 20 ივლისს სატელევიზიო გამოსვლაში ისაუბრა მის სასახლეში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე.

მისი თქმით, ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ არსებობდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინი, თუმცა „რუსეთი არანაირად არ იცვლება. მგელი თავის მგლობას არ იშლის: ისევ მავთულხლართებს აკეთებს, ისევ პროვოკაციებს აკეთებს, ისევ ხალხს იტაცებს, საერთაშორისო არენაზე ისევ ძირს გვითხრის“. 

„ჩემთვის ეს ახალი და აღმოჩენა არ არის. იმიტომ, რომ ჩვენი მთავრობა წინა, რომ დარჩენილიყო, შეიძლება მეტად წავსულიყავით წინ, ვიდრე ის, რაც დღეს გვაქვს. იმიტომ, რომ რუსეთი არ თვლის, რომ ამ მთავრობას რამე უნდა დაუთმოს“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

„ამ მთავრობისთვის რუსეთს აქვს მიცემული, ამ პრემიერ-მინისტრისთვის… 2 მილიარდი დოლარი თავის აქტივებში, უფრო მეტი, ვიდრე ისინი ღირდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
მას, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა რუსეთში არსებული ის აქტივები, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვებამდე გაყიდა. ჟურნალ Forbes–ის ცნობით, ამ გაყიდვებიდან ივანიშვილის სუფთა შემოსავალმა 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

„2 მილირდი დოლარი აქვს პუტინს მიცემული ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვის. რატომ ჩათვლის პუტინი, რომ მას რამე უნდა დაუთმოს? ის თვლის, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა დაუთმოს მას ყველაფერი, ხომ ასეა? და რა უნდა დაუთმოს, პირველ რიგში საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მინიმუმ სამართლებრივ, პოლიტიკური და მორალური განადგურება და მეორე, ყველაფერ იმაზე დათანხმება, რასაც მე არ ვთანხმდებოდი მთელი ამ წლების განმავლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

შემდეგ მან გაიმეორა არაერთხელ ნათქვამი, რომ 2008 წლის ომით რუსეთმა საქართველოში თავის სტრატეგიულ ამოცანებს ვერ მიაღწია, რაც, მისი თქმით, მდგომარეობდა მაშინდელი მთავრობის „მოშორებაში“, ევროატლანტიკური საგარეო კურსის შეცვლაში, ასევე „ენერგოდერეფნების ჩაკეტვასა და საქართველოს წარმატებული მოდელის მოკვლაში“.

„მან ეს ვერ მიიღო ომით. დღეს ჩვენ ამის მშვიდობიანად გადაცემის  დრო კი არ გვაქვს, დღეს უნდა გავუძლოთ რამდენიმე ხანი და მერე სიტუაცია დალაგდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, რუსეთში არსებული „რთული სიტუაციის“ გათვალისწინებით, რაც ასევე გამოიხატება მისი ლიდერის პოპულარობის კლებაში და ეკონომიკური ვითარების გაუარესებაში, იქ ცვლილებები „გარდაუვალია“ და ეს „მოხდება ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია“.

„იმედია, საბოლოო ჯამში, რუსეთის ჩამოყალიბდება დემოკრატიულ, სრულფასოვან ქვეყნად და მაშინ გახდება მეზობლებისთვის ძალიან ადვილად საურთიერთო. ამასაც ჩვენ ყველანი მოვესწრებით, მთავარია მანამდე საქართველო იყოს ფორმაში და წელში გამართული", – განაცხადა სააკაშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button