ახალი ამბები

საარჩევნო კოდექსში ბიომეტრიულ სიებთან დაკავშირებული ცვლილება პირველი მოსმენით მიღებულია

პარლამენტმა 10 ივლისს პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც სხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად,  საარჩევნო სიების ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე ფორმირებას ითვალისწინებს 2014 წლის გაზაფხულზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

საარჩევნო საკითხებზე მომუშავე პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფში შეჯერებული კანონპროექტის თანახმად, რომლის შემუშავებაშიც ასევე მონაწილეობდნენ არასაპარლამენტო პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ამომრჩეველი იუსტიციის სახლებსა და სპეციალურად გახსნილ პუნქტებში ბიომეტრიულ ფოტოსურათს გადაიღებს და მისი მონაცემების გადამოწმების შემდეგ, ის ამომრჩეველთა სიაში მოხვდება. ამგვარი რეგისტრაციის შესაძლებლობა მოქალაქეებს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზეც ექნებათ, ხოლო ისინი, ვინც სხვადასხვა მიზეზით თავად ვერ გაივლიან რეგისტრაციას, მათი მონაცემების შეგროვებას მობილური ჯგუფები „კარდაკარის“ პრინციპით განახორციელებენ.

კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, ბიომეტრიული რეგისტრაციის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ამომრჩეველთა მონაცემებისა და რაოდენობის მაღალი სიზუსტით დადგენა, რაც მაქსიმალურად გამორიცხავს პირის სიაში ორჯერ მოხვედრას. ე.წ. ბიომეტრიული სიების შედგენაზე პასუხისმგებელი იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო იქნება.  

9 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ე.წ. ბიომეტრიული საარჩევნო სია „წერტილს დაუსვამს ყველა იმ სპეკულაციას და გაუგებრობას, რაც ამომრჩეველთა სიებთან არის დაკავშირებული“.

ამომრჩეველთა სიების სიზუსტე ბოლო ათწლეულის საარჩევნო ციკლში მუდმივი დაპირისპირების თემას წარმოადგენდა პოლიტიკურ ძალებს შორის. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს მაშინდელი ოპოზიცია სიების ბიომეტრიული მონაცემების საფუძველზე შედგენის საკითხს პერიოდულად აყენებდა, თუმცა ეს მოთხოვნა არცერთხელ არ ყოფილა მიღებული.

„ადგილობრივი არჩევნებისთვის ჩვენ გვექნება, გამართული, აღრიცხული, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ამომრჩეველთა სია, რომლის მონიტორინგი გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს იყო აქამდე“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მმართველმა კოალიციამ საპრეზიდენტო არჩევნების წინ საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტური გადახედვისგან თავი შეიკავა, რათა „არ მომხდარიყო რაიმე სერიოზული ცვლილება თამაშის წესებში“. მისი თქმით, სხვა მიმართულებებით, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტების კუთხით, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა შემოდგომაზე გაგრძელდება.

Back to top button