skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი უშიშროების საბჭოს სხდომას დაგეგმილი გრაფიკის მოტივით არ ესწრება

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი არ დაესწრება 5 ივნისს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას, ვინაიდან უკვე დაგეგმილი აქვს ამ დღის გრაფიკი.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტმა საბჭოს სხდომა მოიწვია, მან 4 ივნისს საღამოს 7 საათის შემდეგ შეიტყო. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს სხდომა ბოლო შვიდი თვის მანძილზე არ გამართულა მას შემდეგ, რაც მისი კოალიცია ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, პრეზიდენტმა „მყისიერად“ გადაწყვიტა სხდომის დანიშვნა.

„როგორც ვიცი, ქვეყანაში არაფერი არ მომხდარა გუშინ და გუშინწინ განსაკუთრებული“, – განაცხადა ივანიშვილმა,  „შესაბამისად მე არ ვთვლი აუცილებლად, რომ დავარღვიო ჩემი გრაფიკი. მე მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები“.

მან განაცხადა, რომ სხდომას მისი გუნდის წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

ივანიშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პარტიის „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ყრილობას დაესწრო. პარტიის ლიდერი გია ჟორჟოლიანია, რომელიც დეპუტატია კოალიცია ქართული ოცნებიდან.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი თავმჯდომარეობს, საბჭოს სხვა წევრების მონაწილეობით გაიმართება. მათ შორის იქნებიან პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და მთავრობის ზოგიერთი წევრი, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრები სხდომას არ დაესწრებიან, რადგანაც ისინი საზღვარგარეთ იმყოფებიან; სხდომას მათი მოადგილეები დაესწრებიან. სხდომას ასევე დაესწრება ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე.

სხდომის მოწვევის ოფიციალური მიზეზი  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ე.წ. „საზღვრის მოწყობის“ პროცესის განხილვაა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button