ახალი ამბები

სააკაშვილი აშშ–ს სტუმრობს

პრეზიდენტი სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების ჯგუფთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობს უკვე მეორედ ბოლო ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდში, როგორც თავად განაცხადა, ამერიკის ლიდერების „შემდეგ თაობასთან“ შეხვედრების გამართვის მიზნით.

14 მაისს იგი ვაშინგტონში რესპუბლიკელ სენატორ მარკო რუბიოს შეხვდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, „ამერიკული მედია ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავს“ 2016 წლის არჩევნებისთვის.    

„წინა ჩამოსვლაზე ამერიკაში შევხვდი ამერიკის მოქმედ ხელმძღვანელობას. მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, რომ შევხედოთ, რა მოხდება 2016 წელს, ვინ არიან ამერიკის ლიდერების შემდეგი თაობა. ამიტომ ამ ჩამოსვლაზე სპეციალურად გამოვყავი რამდენიმე დღე, რომ ყველას ორივე პარტიაში, დემოკრატებს და რესპუბლიკელებს, შევხვდეთ, ყველას, ვინც ხვალინდელი დღეა ამერიკაში, ვინც ხვალ იქნება ამერიკის ხელმძღვანელობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინის რუსეთი „სულ უფრო სუსტდება“ და „ქვემოთ მიექანება“, მაშინ როცა ამერიკის „როლი შემდგომ წლებში სულ უფრო გაძლიერდება“.

„პერსპექტივა ჩვენი ურთიერთობის ამერიკას აქვს ყველაზე მეტი, ვინც არ უნდა გვარწმუნოს, რომ თურმე ისევ უნდა დავბრუნდეთ დასუსტებული რუსეთის კონტროლქვეშ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სავარაუდოდ პრემიერ–მინისტრ ივანიშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა 14 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ მას შიდა საკითხები უფრო აღელვებს, ვიდრე საგარეო ვიზიტებზე ყურადღების კონცენტრირება, სააკაშვილმა განაცხადა: „მე მაწუხებს ის, რომ საქართველოს წარმოეშვა ვაკუუმი საერთაშორისო ურთიერთობებში“.   

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უცხოური ვიზიტების განხორციელება მისი მიზანი არ არის, რადგანაც ქვეყანაშიც ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. „უცხოური ვიზიტები არ არის გადამწყვეტი [ფაქტორი]“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სააკაშვილიც წავიდა ამერიკაში და დაბრუნდა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას „აწუხებს“ ის, რომ საქართველოს პრემიერ–მინისტრს გარდა მეზობელი ქვეყნებისა, „არცერთი ორმხრივი სერიოზული ვიზიტი არ ჰქონია“.

„ასეთი იზოლაცია დღეს მხოლოდ პუტინის მთავრობის ინტერესებში შედის“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„პრემიერ–მინისტრი იმაზე კი არ უნდა ნერვიულობდეს პრეზიდენტი რატომ დადის, უფრო იმაზე უნდა ინერვიულოს, რომ თვითონ იაროს, თვითონ რატომ არ დადის და რატომ ვერ დადის და მე, სანამ პრეზიდენტი ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ იქნებ მანაც დაიწყოს სიარული“, – განაცხადა მან.

„მთავრობა პრაქტიკულად იმყოფება იზოლაციაში და ეს არ არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის“, – დასძინა სააკაშვილმა. 

Back to top button