ახალი ამბები

აშშ–ის მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტი თბილისში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მაღალი დონის დელეგაცია 10-18 აპრილს სამხრეთ კავკასიურ ტურნეს საქართველოში ვიზიტით დაიწყებს, იტყობინება აშშ-ის საელჩო თბილისში. 

დელეგაციის შემადგენლობაში არიან USAID–ის ადმინისტრატორის მოადგილე პეიჯ ალექსანდერი, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში თომას მელია და ასევე სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინი, რომელიც დელეგაციის სხვა წევრებზე ადრე ჩამოვიდა საქართველოში და უკვე გამართა შეხვედრები ოფიციალურ პირებთან. დელეგაციის წევრები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

12 აპრილს შეერთებული შტატების დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს აშშ–საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის კომისიის დემოკრატიისა და სამართლიანი მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში. ეს, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ხალხთა შორის ურთიერთობების მიმართულებებთან ერთად, ის ორმხრივი უწყებათა შორისი ჯგუფია, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ფუნქციონირებს.

„შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რათა საქართველომ ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დასახულ ამოცანები გადაჭრას“, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.

თბილისიდან დელეგაციის წევრები ბაქოში გაემგზავრებიან.

 

Back to top button