skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი მართლმადიდებლური ეკლესიის შესახებ

პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იმ „პრობლემებთან“ დაკავშირებით, რაც, მისი თქმით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს, „ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს“.

„ჩემი დამოკიდებულება არის ასეთი: ჩვენ როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ უნდა მოვეფეროთ ჩვენს ეკლესიას, რომელსაც ჩვენ პატივს ვცემთ, ჩვენ კარგად ვიცით, რომ იქაც არსებობს პრობლემები და ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოების წარმომადგენელი ამაზე აკეთებს რეაქციას. მე ვფიქრობ, რომ ნორმალურია და ყველაზე ყველაფრის გამოხატვის საშუალება უნდა გვქონდეს და ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა მან 10 აპრილს პრესკონფერენციაზე. 

„შეურაცხყოფა არა, მაგრამ კითხვის დასმა უნდა შეეძლოს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს“, – აღნიშნა მან მას შემდეგ, რაც შეკითხვა დაუსვეს ბოლო დროს მიმდინარე დებატების შესახებ როდესაც სამღვდელოების ზოგიერთი წარმომადგენელი ძვირადღირებული ავტომობილების ყოლის გამო გააკრიტიკეს.

ივანიშვილის თქმით, მისი პირადი, ისევე როგორც სახელმწიფო თანამდებობის პირის პოზიციაა, რომ ეკლესია უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან.

"ჩემი დამოკიდებულება საერთოდ რელიგიასთან, მე არ ვმალავ, რომ ეს არის ჩვენი კულტურის უდიდესი ნაწილი და ქრისტიანობას აქვს ძალიან დიდი როლი იმაში, რომ დღეს ჩვენ ვარსებობთ… შესაბამისად, ძალიან დიდი პატივისცემა მაქვს ჩვენი კულტურის ძალიან დიდ ნაწილთან", – განაცხადა მან და დასძინა: "პირადად რამდენად რელიგიური ვარ, ეს სხვა საკითხია და თქვენთვის საინტერესო არაა".

„სახელმწიფოს დამოკიდებულება უნდა იყოს ასეთი, რომ ეკლესია უნდა იყოს გამიჯნული და დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან“, – განაცხადა მან, „ის აუცილებელი თანხა, რაც საჭიროა ბიუჯეტიდან ეკლესიის დასახმარებლად, უნდა იყოს გადარიცხული ერთჯერადად და არავითარ შემთხვევაში სახელმწიფო არ უნდა ეცადოს რაიმე ბერკეტით მოახდინოს გავლენა ეკლესიაზე“.

საქართველოს საპატრიარქო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება. 2013 წელს ამ დაფინანსების ოდენობა 25 მლნ ლარს შეადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button