ახალი ამბები

უსუფაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელიც ერთკვირიანი ვიზიტით აშშ-ს სტუმრობს, 11 მარტს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.

უსუფაშვილმა შეხვედრები გამართა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან მარია იავანოვიჩთან,  სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ერიკ რუბინთან და სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში თომას მელიასთან. 

„ჩვენი სათქმელი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის, იყო შემდეგი: რომ ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ საქართველოში ურთიერთობები შეიცვლება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით“, – განუცხადა უსუფაშვილმა შეხვედრების შემდეგ ჟურნალისტებს.

ერიკ რუბინმა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „მე მას ვუთხარი ის, რომ ჩვენ ძალიან მივესალმებით მის ხელმძღვანელობას და მისი გუნდის ხელმძღვანელობას პარლამენტში; ის, რომ ვიცით, რომ მათ ბევრი რთული გამოწვევა ჰქონდათ გასულ თვეებში;  ის, რომ ჩვენ ვაფასებთ იმ სამუშაოს, რომელიც მან გასწია ოპოზიციის ლიდერებთან ერთად რეზოლუციაზე საქართველოს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების ორიენტაციის, მისი ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების შესახებ; ის, რომ ჩვენ მყარად ვუჭერთ საკონსტიტუციო რეფორმების მცდელობებს მხარს, რომელიც მიზნად ისახავს ამ კონსტიტუციის სიცოცხლისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“.

„მე ასევე განვუცხადე მას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ხალხის ძლიერ მხარდაჭერას, რომელსაც აქვს მისწრაფება საკუთარი მომავალი ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებს დაუკავშიროს“, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მონაწილეობას ავღანეთში ნატოს ISAF-ის ოპერაციაში.

ეს უსუფაშვილის პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც ის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტის თავმჯდომარე გახდა. მას „ქართული ოცნების“ ორი დეპუტატი ახლავს თან – საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.

This post is also available in: English Русский

Back to top button