
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს სტუმრობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად 17 იანვარს ერევანს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია, სადაც შეხვედრებს მართავს სომხეთის ხელმძღვანელობასთან.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარგსიანი ქართველ კოლეგას აეროპორტში დახვდა. ამის შემდეგ მათ ორმხრივი შეხვედრა გამართეს, რასაც მოჰყვა ოფიციალურ დელეგაციათა მოლაპარაკებები.
ბიძინა ივანიშვილს სომხეთში თან ახლავს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე; ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე; ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური; სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი; სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი და კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია.
დღესვე საქართველოს პრემიერ–მინისტრი პირისპირ შეხვედრას გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და ასევე შეხვდება სრულიად სომხეთის კათოლიკოსს გარეგინ მეორეს.
This post is also available in: English Русский