skip to content
ახალი ამბები

ქვეყნის პირველ პირებს საპატრიარქომ უმასპინძლა

  • სააკაშვილი: ‘დარწმუნებული ვარ, პატრიარქი ხელს შეუშლის საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების მცდელობას’



კადრი პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერიდან, სადაც ჩანან პრემიერი ივანიშვილი (მარცხნივ) და პრეზიდენტი სააკაშვილი (მარჯვნივ) საქართველოს საპატრიარქიოში გამართულ წვეულებაზე. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 13 იანვარს, ძველით ახალი წლის შესახვედრად საპატრიარქოში გამართულ წვეულებაზე საქართველოს პირველ პირებს –  პრეზიდენტ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს უმასპინძლა.

წვეულების ამსახველი ვიდეო-კადრები თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა. პრეზიდენტის საპატრიარქოში სტუმრობის შესახებ ვიდეო-მასალა მოგვიანებით პრეზიდენტის პრესსამსახურმაც გაავრცელა.

საპატრიარქოში სტუმრობისას ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა, სურვილი, რომ „2013 წელი სიყვარულის წელიწადი ყოფილიყოს საქართველოში“. 

„ჩვენ, საერო პირებს, მთავრობის წარმომადგენლებს გვაქვს ვალდებულება ავიტაცოთ ის დიდი სიყვარული, რომელიც გვაჩუქა მისმა უწმინდესობამ და ჩვენ მოვახერხოთ ჩვენს საზოგადოებაში მხოლოდ სიყვარულით და სულ სიყვარულით დავიწყოთ ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა“, – განაცხადა ივანიშვილმა.

„ის რაც გააკეთეთ, თქვენო უწმინდესობამ, თქვენი მოღვაწეობის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რომ თქვენ ჭეშმარიტი ამშენებლობა მოახერხეთ – ამდენი ეკლესია არასდროს არ აშენებულა ასე მოკლე დროის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში და შეიძლება ვერცერთმა ქვეყანამ სხვამაც ვერ დაიკვეხნოს მსგავსი – ჩვენ გვაქვს პრეტენზია იგივე გრძნობით, დიდი სიყვარულით აღმშენებლობა დავიწყოთ ჩვენს ქვეყანაში. გავაგრძელოთ ტრადიცია თქვენი, დავაწყნაროთ ჩვენი ქვეყანა და სიყვარული დავაფუძნოთ და სიყვარულზე დაფუძნებული აღმშენებლობა ვაწარმოოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წვეულებას ასევე ესწრებოდნენ მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი და სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები, რომლებიც საქართველოს ილია მეორეს 80 წლის იუბილესთან და მისი აღსაყდრებიდან 35 წლისთავის აღსანიშნავად სტუმრობდნენ.

„ამდენი მართლმდიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი… ერთადაა დღეს ჩვენს საპატრიარქოში და შეიძლება ეს ნიშანი იყოს იმისა, რომ ჭეშმარიტად დაიწყოს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობა და ის დიდი სიყვარული, რომელიც თქვენ დათესეთ სასულიერო [ცხოვრებაში], საეროსაც გადაედოს და ჩვენ ერთად, ხელიხელ ჩაკიდებულმა ყველამ ერთად ავაშენოთ ჩვენი საყვარელი ქვეყანა“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის გვერდით იდგა, განაცხადა: „მე ვუერთდები, თქვენო უწმინდესობა, ყველაფერს“.

14 იანვარს ილია მეორემ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთმანეთთან შეხვედრის დროს „ისაუბრეს საქართველოს მომავალზე“.

„ეს იყო გამოვლინება სიყვარულის, პატივისცემის, ერთგვარი სულთა ზეიმი“, – განაცხადა მან აეროპორტში მსოფლიო პატრიარქის გამგზავრების წინ.



მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი ილია მეორე; მსოფლიო პატრიარქი ბართლომე პირველი; პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი; პრეზიდენტი სააკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ფოტო: პრემიერ–მინისტრის პრესსამსახური.

13 იანვარს პატრიარქის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე, რომელიც წინ უსწრებდა საპატრიარქოში გამართულ წვეულებას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს რუსეთის ორბიტაზე უკან დაბრუნების ნებისმიერ მცდელობას ხელს შეუშლის. მისი თქმით, ქვეყანას  „ევროპულ სახლს“ ვერავინ ჩამოაშორებს.

„მე კარგად ვიცი რა შემოთვლები ჰქონდა, მისი უწმინდესობისგან ვიცი ეს კარგად, 2008 წლის შემდეგ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან, რომ რაღაცა ისეთი როლი ეთამაშა ეკლესიას, რომელიც გარკვეულ დისტანცირებას მოახდენდა საქართველოს დამოუკიდებლობის და ოკუპაციასთან არშერიგების იდეასთან. და ამას პატრიარქმა გასცა ძალიან ღირსეული პასუხი“, – განაცხადა მან. 

„და დარწმუნებული ვარ, ღირსეულ პასუხს გასცემს და ჩაერთვება, ყველანაირ მცდელობას შეუშლის ხელს საქართველოს უკან – რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის ეს განცხადება წინ უსწრებს პატრიარქის დაგეგმილ ვიზიტს რუსეთში. ილია მეორე 21 იანვარს მოსკოვში დაგეგმილ ცერემონიაზე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მართლმადიდებელ ხალხთა ერთობის საერთაშორისო ფონდის ჯილდოს მიიღებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button