skip to content
ახალი ამბები

პროკურატურამ ახალაიას ბრალდება წამების მუხლით დაუმძიმა

ყოფილ შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას  წამების მუხლი დაემატა, განაცხადა მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა 13 ნოემბერს.

ახალაიას, რომელიც წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, თავდაპირველად „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში“ დასდეს ბრალი, რაც 2011 წლის ოქტომბერში ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებს ეხებოდა; მოგვიანებით მას „თავისუფლების უკანონო აღკვეთაში“ დაედო ბრალი, რომელიც ცალკე ეპიზოდს წარმოადგენს; საუბარია იმაზე, რომ 2011 წლის სექტემბერში ახალაიამ, სავარაუდოდ, სცემა პირს და შემდეგ რამდენიმე საათით უკანონოდ ჰყავდა ის დაკავებული.

ახალი ბრალდებით პროკურატურა ახალაიას 2010 წლის თებერვალში, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო, სულ ცოტა 17 სამხედროს არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. კბილაშვილის განცხადებით ამ ინციდენტში ასევე მონაწილეობდა გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, ბრიგადის გენერალი გიორგი კალანდაძე, რომლის წინააღმდეგაც უკვე აღძრულია სისხლის სამართლის ცალკე საქმე ჯარისკაცების შესაძლო ცუდი მოპყრობის ბრალდებით. კალანდაძე მაშინ სახმელეთო ძალების სარდალი იყო.

პროკურატურის განცხადებით, გვარდიის დეპარტამენტის უზრუნველყოფის ასეულის 17-მა თანამშრომელმა იმ საფუძვლით, რომ ისინი მძღოლები იყვნენ და მორიგეობდნენ წინა ღამით, უარი განაცხადეს დილის ვარჯიშზე, რის შემდეგაც ისინი თბილისიდან სენაკის სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, სადაც ახალაიამ და კალანდაძემ „სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს“ ჯარისკაცებს, რის შემდეგაც ისინი გააშიშვლეს წელს ზემოთ და არბენინეს სიცივეში ერთი საათის განმავლობაში;  ამის შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეები ჩაკეტეს აბანოში, გამოურთეს გათბობა და ამგვარ ვითარებაში ამყოფეს მინიმუმ 36 საათი საკვების გარეშე.

მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტთან დაკავშირებით ახალაიას წინააღმდეგ კიდევ ორი მუხლით აღიძრა საქმე – ესაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც ითვალისწინებს სასჯელს შვიდიდან ათ წლამდე, და წამება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ორი ამ მეტი პირის მიმართ, რაც ითვალისწინებს სასჯელს ცხრიდან თხუთმეტ წლამდე. 

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების დამატებითი ბრალდება წაუყენეს კალანდაძეს, რომელსაც უკვე აქვს წაყანებული ანალოგიური ბრალეულობა ცალკე საქმეზე.

კბილაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან კალანდაძის წინააღმდეგ ახალი ბრალდება იქნა წაყენებული, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართ სასამართლოს გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსისთვის, რომელსაც უფლებამოსილება აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეჩერებული, წინასწარი პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

პროკურატურა კალანდაძისთვის წინასწარ პატიმრობას მაშინაც ითხოვდა, როდესაც მას 2011 წლის ოქტომბერში ჯარისკაცების ცუდი მოპყრობის ცალკე საქმეზე წაუყენეს ბრალი, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ კალანდაძე 20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.   

მსგავსი/Related

Back to top button