
ალასანია: ავღანეთიდან ძალების გამოყვანაზე ზრუნვა 2014 წლისთვის დაიწყება
საქართველო ავღანეთიდან თავისი ძალების გამოყვანაზე ზრუნვას 2014 წლისათვის დაიწყებს, განაცხადა ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 17 ოქტომბერს ავღანეთში დაღუპული კაპრალის, მინდია აბაშიძის პანაშვიდზე მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა. ალასანიამ გარდაცვლილი ჯარისკაცს „გმირი“ უწოდა, რომელიც იცავდა „მთელი მსოფლიოს და ქართველების ღირსებას ავღანეთში ანტიტერორისტულ ბრძოლაში“.
„ძალიან მძიმეა, რა თქმა უნდა, ისაუბრო მისიის გაგრძელებაზე, ამ პოლიტიკის გაგრძელებაზე, როდესაც სულ რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულება, ეს არის ის ტვირთი, რაც საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აიღო და ეს არის ომი – ჩვენ ომში ვართ… ამიტომ გაგრძელდება ეს მისია, ვიდრე არ დასრულდება ჩვენი მისია“, – განაცხადა ალასანიამ მისიის გაგრძელების გეგმებზე ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
„2014 წლისთვის იწყება და იგეგმება პრაქტიკულად გამოსვლა საერთაშორისო ძალების ავღანეთიდან, სწორედ მას მერე ჩვენ დავიწყებთ უკვე ზრუნვას ჩვენი ბიჭების სამშობლოში დაბრუნებაზე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.
სექტემბერში თბილისში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის ავღანეთში ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების მომზადების გზით თავისი წვლილი 2014 წლის შემდეგაც შეიტანოს მას მერე, რაც ალიანსის ძალები დატოვებენ ქვეყანას.
საქართველო ISAF–ის მისიაში 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობს და ერთ–ერთი ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს ამ ოპერაციაში ნატოს არა წევრი სახელმწიფოებიდან. ISAF–ის მისიის ფარგლებში ქვეყანამ სამი წლის განმავლობაში 18 ჯარისკაცი დაკარგა.