skip to content
ახალი ამბები

აშშ–ის ელჩი სამშვიდობო პროცესის უზრუნველყოფის საჭიროებაზე საუბრობს

ახლა მთავარი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ საარჩევნო პროცესი და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ისევე მშვიდად დასრულდეს, როგორც ის კვირის დასაწყისში დაიწყო, განაცხადა აშშ–ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში 4 ოქტომბერს.

აშშ–ის ელჩმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა აქციის მსვლელობის დროს, რომელსაც „ქართული ოცნების“ აქტივისტები ზუგდიდში მართავდნენ და სადაც ზუგდიდის უბნების ნახევარზე მეტში არჩევნების ოფიციალური შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ.

ზუგდიდი ერთ–ერთი ის ერთმანდატიანი ოლქია, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების ოფიციალური შედეგები გაასაჩივრა. ოფიციალური წინასწარი შედეგების თანახმად, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთან როლანდ ახალაიასთან დამარცხდა. შედეგების თანახმად, ალასანიამ ხმების 36.32%, ახალაიამ კი 57.58% მიიღო.

ზუგდიდში აქციაზე გამოსვლისას ალასანიამ პირობა დადო, რომ თითოეულ ხმას დაიცავს, თუმცა მისი განცხადება ასევე შეიცავდა გზავნილს, რომელიც მანამდე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაახმოვანა, რომ ოფიციალური შედეგების გასაჩივრება მხოლოდ სამართლებრივი მექანიზმებით მოხდებოდა. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ საჩივრები შეიტანა, სადაც ზუგდიდის 109 უბნიდან 59–ში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს.

აშშ–ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, რომლის თქმითაც, იგი დამკვირვებლის სტატუსით ჩავიდა ზუგდიდში, განაცხადა, რომ ეს „ღირშესანიშნავი კვირაა საქართველოს ისტორიაში“.

„დემოკრატიულ არჩევნებს შედეგად მოყვა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა“, – განაცხადა მან. „თუმცა ეს პროცესი ჯერ სრულად არ დამთავრებულა. ქვეყნის რამდენიმე ადგილას საოლქო საარჩევნო კომისიები ჯერ კიდევ ითვლიან ხმებს და საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებენ იმაზე, თუ ვინ მოიგო მანდატი“.

მან ასევე განაცხადა, რომ იგი სამეგრელოში პროცესზე დაკვირვების მიზნით ჩავიდა, რადგანაც „ეს განსაკუთრებული ადგილია და აქ განსაკურებული დინამიკაა“.

„ჩვენი მიზანი იმის უზრუნველყოფაა, რომ როგორც ეს კვირა დაიწყო ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით, ასევე დასრულდეს მშვიდობიანი პროცესით“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა. 

„ახლა მნიშვნელოვანია, როგორც ბატონმა ალასანიამ განაცხადა, რომ სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმა საოლქო საარჩევნო კომისიებში შეძლონ მუშაობა დაშინების გარეშე“, – განაცხადა მან.

„მთელი მსოფლიო აკვირდება და იმედოვნებს, რიმ ეს პროცესი მშვიდობიანად განვითარდება და ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თუ შედეგების მიმართ რაიმე პრეტენზიები არსებობს, ისინი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს სამართლიანი პროცესის მეშვეობით“, – დასძინა აშშ–ის ელჩმა.

მანამდე „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავის მხარდამჭერებს და აქტივისტებს საოლქო საარჩევნო კომისიების წინ მიმდინარე აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. თუმცა აქციები მაინც გაგრძელდა სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის ხაშურში და თეთრიწყაროში, სადაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები სხვადასხვა უბნებში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია მიესალმა ივანიშვილის მოწოდებას აქციების შეწყვეტის თაობაზე, თუმცა შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს მოწოდება ჯერჯერობით არ შესრულებულა.

„ძალადობა და ძალადობის მუქარა, რის შესახებაც მრავალად მოდის ინფორმაცია, არის მთავარი პრობლემა დღეს, რომელიც დგას ამ პროცესის მშვიდობიანად, კონსტიტუციის ფარგლებში დასრულების წინაშე“, – განაცხადა მან. 

„ის, თუ როგორ ჩაივლის ეს პროცესი, იქონიებს გავლენას ჩვენი ქვეყნის მომავალი დემოკრატიული ტრადიციის ჩამოყალიბებაზე და შემდეგი თაობების დემოკრატიულ, თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებაზე. ასევე იმოქმედებს ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ამოცანებზე, ჩვენს მომავალ  ინტეგარციაზე ევროატლანტიკურ სივრცეში, საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ბოკერიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button