skip to content
ახალი ამბები

ივანიშვილი მხარდამჭერებს ქუჩის აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა მოუწოდა მხარდამჭერებს, რომ შეწყვიტონ ქუჩის ყოველგვარი აქციები, რადგან მისი პოლიტიკური გუნდი არჩევნებთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვას სასამართლოს გზით აპირებს.

„ძალიან ვთხოვ ჩვენ მხარდამჭერებს ქუჩის აქციებით ნუღარ შეეცდებიან სამართლის აღდგენას, ჩვენ უნდა გადავინაცვლოთ შენობებში, გადავინაცვლოთ სასამართლოებში, გადავინაცვლოთ პარლამენტში. სულ მალე შეიკრიბება პარლამენტი და ყველა გაუგებრობა შეგვიძლია ჩვენ იქ გავარკვიოთ“, – განაცხადა მან 4 ოქტომბერს.

მისი თქმით, მაქსიმუმ თვის ბოლომდე კოალიცია მთლიანად გადაიბარებს ხელისუფლებას და ჩამოაყალიბებს „ახალ სახალხო მთავრობას“.

„ამ დროის განმავლობაში მე მოვითხოვდი მაქსიმალურ სიმშვიდეს. ჩვენ აღარ ვართ ოპოზიციაში, როგორც წესი ოპოზიცია გამოდის ქუჩაში, შესაბამისად ჩემი თხოვნა იქნება, რომ ქუჩის ყოველგვარი აქციები შევწყვიტოთ, – მოუწოდა მან

„ძალიან ღელავენ ევროპელები, ღელავენ ამერიკელები და აღარ გვეკადრება იმის შემდგომ,  გმირობა რაც ჩვენ ჩავიდინეთ, აღარაა საჭირო ქუჩით ვარკვიოთ ერთმანეთთან დამოკიდებულებები. ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ დაბრუნდით სახლებში“, – გაიმეორა ივანიშვილმა მხარდამჭერების მისამართით.

არჩევნების დასრულების შემდეგ ხმების დაცვის მოტივით „ქართული ოცნების“ საპროტესტო აქციები იმართება იმ რაიონების საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც მათი კანდიდატები უმნიშვნელოდ აგებენ მაჟორიტარულ არჩევნებს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებთან. კოალიციის თქმით, რიგ შემთხვევებში შედეგების გაყალბებებს და დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ცესკო და ნაციონალური მოძრაობა კოალიციას საოლქო კომისიებზე ზეწოლასა და მისი წევრების დაშინებაში ადანაშაულებს. ამ ფონზე უცხოელმა დიპლომატებმა დავების სამართლებრივი გზით მოგვარებისკენ მოუწოდეს.

არჩევნებზე დამკვირვებელმა ადგილობრივმა ორგანიზაციებმა 4 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე მოუწოდეს აქციების შეწყვეტისკენ და დავების სამართლებრივი გზით გადაწყვეტისკენ. მათი განცხადებით, „ზოგჯერ აგრესიულობით გამოირჩევიან“ აქციის მონაწილეები, რომლებიც უბნების გაბათილებასა და გადათვლას ითხოვენ მარტვილის, სენაკის, თერჯოლის, ამბროლაურის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახალქალაქის, ახალციხის, მარნეულისა და თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიებთან.

„მოვუწოდებთ, ყველა მხარეს, დავების გადასაჭრელად მიმართონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს. ვფიქრობთ, ორივე მხარის ადექვატური რეაგირების პირობებში შესაძლებელია საოლქო კომისიებთან სიტუაციის განმუხტვა, მითუმეტეს, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უფლება აქვს უტყუარი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევებში დაფიქსირებული მძიმე დარღვევების საფუძველზე გარკვეული უბნების შედეგები გააუქმოს, რაც სიღნაღის შემთხვევაში უნდა მომხდარიყო. აღნიშნული ქმედებებისგან თავის შეკავება პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დამატებითი გაღიზიანების საფუძველი შეიძლება გახდეს“, – ნათქვამია „სამართლიანი არჩევნების“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ერთობლივ განცხადებაში

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button