
საგარეო უწყება: რუსეთის პროვოკაციული ქმედება ვითარების დაძაბვას ისახავს მიზნად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლის დაკავების გამო და განაცხადა, რომ ეს რუსეთის პროვოკაციული ქმედებაა, რომელიც ვითარების დაძაბვას ისახავს მიზნად.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას რუსეთის მხრიდან აღნიშნული პროვოკაციული ქმედების გამო, რომელიც მიზნად ისახავს ვითარების დაძაბვას. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელი“, – ნათქვამია საგარეო უწყების მიერ 29 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, რათა აღკვეთილ იქნას რუსეთის მხრიდან ყოველგვარი პროვოკაცია და სიტუაციის დაძაბვის მცდელობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცხინვალის განცხადებით, 29 სექტემბერს დილით მის სასაზღვრო პოსტს სოფელ ქარძმანში ცეცხლსასროლი იარაღიდან და სალულე ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს. სეპარატისტული რეგიონის სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ მისმა ძალებმა საგუშაგოზე საპასუხო ცეცხლი არ გახსნეს, თუმცა ძებნის ოპერაციის შემდეგ, მათ „სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სახელმწიფო სასაზღვრო ზოლის მახლობლად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი“ დააკავეს, რომელიც M4 ტიპის ცეცხლსასროლი იარაღით და სალულე ყუმბარმტყორცნით იყო შეიარაღებული.