
რასმუსენი ქართულ რეფორმებს აქებს და აცხადებს, რომ არჩევნები „ლაკმუსის ტესტი“ იქნება
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–3 ბრიდაგის 32–ე ბატალიონისა და პირველი ბრიგადის მე–12 ბატალიონის ჯარისკაცებს მიმართავს, რომლებიც ცოტა ხანში ავღანეთში განთავსდებიან, 6 სექტემბერი. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა 6 სექტემბერს თბილისში ვიზიტის დროს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსის კარი ღია რჩება, მან ასევე საქართველო გატარებული რეფორმების გამო შეაქო და განაცხადა, რომ მომავალი არჩევნები „ლაკმუსის ტესტი“ იქნება მისი დემოკრატიისთვის.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანალოგიური გზავნილები საქართველოში 2011 წლის ნოემბერში განხორციელებული ვიზიტის დროსაც გააკეთა.
პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველომ „უზარმაზარ პროგრესს“ მიაღწია რეფორმების გზაზე.
„ამ თავდაუზოგავმა მუშაობამ თქვენ ნატოს წევრობასთან დაგაახლოვათ“, – განაცადა მან და მოუწოდა საქართველოს „დემოკრატიული რეფორმების ტემპი შეინარჩუნოს“.
„ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდი ქართული დემოკრატიისთვის ლაკმუსის ტესტი იქნება და ვიმედოვნებ, რომ ყველა პოლიტიკური მოთამაშე საქართველოში საპასუხისმგებლო როლს ითამაშებს ამ პროცესში“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც თბილისს სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს.
პრესკონფერენციაზე რასმუსენს 10 თვის წინ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ჰკითხეს, როდესაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომმა ჩაშალა ნატოს პოსტ–საბჭოთა სივრცეში შემდგომი გაფართოების გეგმა. რასმუსენმა უპასუხა: „თუ 2008 წლის კონფლიქტის განზრახვა ღია კარის პოლიტიკის თაობაზე, გაფართოების თაობაზე ნატოს გადაწყვეტილებებისთვის ხელის შეშლა იყო, მერწმუნეთ, ეს ჩაიშალა, რადგანაც არც ერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ნატოს გადაწყვეტილებებში ჩარევის უფლება“.
„ნატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები ჩვენს ღია კარის პოლიტიკაზე და ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და ეს ჩიკაგოშიც გავიმეორეთ, რომ ჩვენი კარი ღია რჩება“, – განაცხადა რასმუსენმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ემზადება ნატოს წევრობისთვის და საქართველო გახდება ნატოს წევრი.
მისი თქმით, რეფორმები გაგრძელდება, ბრძოლა თავისუფლებისთვის გაგრძელდება და საქართველო განაგრძობს სვლას დემოკრატიის გზაზე.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ რასმუსენის ვიზიტი საქართველოში „ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერის ჟესტი იყო ჩვენთვის“.
ეს უკვე რასმუსენის მეოთხე ვიზიტია საქართველოში და მესამე ნატოს გენერალური მდივნის რანგში. პირველად იგი საქართველოს 2008 წლის ნოემბერში ესტუმრა, როდესაც ის დანიის პრემიერ–მინისტრი იყო.
სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ რასმუსენი უკვე იმდენჯერ ჩამოვიდა საქართველოში, რომ მას „საპატიო ქართველობა ეკუთვნის“.
„თუ შეიძლება ქართველი იყოს ნატოს გენერალური მდივანი, მაშინ ეს არის ნამდვილად ანდერს ფოგ რასმუსენი“, – დასძინა სააკაშვილმა.